„მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულებაა“ – EBRD-ის რეგიონული დირექტორი

„მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულებაა“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის დრაკონისი აცხადებს.
მისი თქმით, დადებითად ფასდება ეკონომიკის ზრდის მდგრადი ტრენდი და ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი.
„ჩვენ საქართველოს მაკროეკონომიკური შესრულების მონიტორინგს ვახორციელებთ. საკმაოდ შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა, ძალიან კარგი შედეგია მშპ-ის 5%-ზე მაღალი ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ტრენდი გრძელდება. ინფლაცია დღესდღეობით, საკმაოდ დაბალია, ადგილობრივი ვალუტა კი საკმაოდ კარგ ნიშნულზეა მყარ უცხოურ ვალუტებთან მიმართებით. ეს ყველაფერი კარგად გამოიყურება. მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულებაა და ამას ხაზს უსვამს მსოფლიო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც.
მოხარული ვარ რომ საქართველოში ვიმყოფებით ჩვენი 50 კაციანი ოფისით, ჩვენ მოწოდებული ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში“,- აცხადებს ალკის დრაკონისი „ბიზნესპარტნიორთან“.
EBRD საქართველოში წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ზრდის პროგნოზს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გასული წლის სექტემბერში შემცირების მიმართულებით გადახედა. ნაცვლად, 5.3%-ისა, ბოლო პროგნოზი 4.5%-ია. ორგანიზაციის შეფასებით, კორექტირება ძირითადად, მაღალი საბაზო ეფექტის შედეგია.
bp.ge