მილიარდერები, რომლებიც ტრილიონერის სტატუსს ყველაზე მალე მიაღწევენ

მას შემდეგ, რაც მარკ ზაკბერგის ქონებამ $200 მილიარდს მიაღწია, Meta-ს დამფუძნებელი მილიარდერთა იმ ელიტარულ კლუბს შეუერთდა, სადაც, მის გარდა, მხოლოდ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Tesla-ს CEO – ილონ მასკი არიან. 1 ნოემბრის მდგომარეობით, $200 მილიარდს აჭარბებს Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონის ქონებაც.
გარდა იმისა, რომ ოთხივე მათგანის ქონება $200 მილიარდს აღწევს ან აჭარბებს, თითოეულს ტექნოლოგიების ინდუსტრიაც აერთიანებს. მეტიც, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, გლობალურად 10 უმდიდრესი ადამიანიდან, 8 სწორედ ამ სექტორიდანაა.
10 მილიარდერი, ქონების მიხედვით (1 ნოემბერი, Bloomberg):
· ილონ მასკი – $264 მლრდ
· ლარი ელისონი – $204 მლრდ
· ჯეფ ბეზოსი – $204 მლრდ
· მარკ ზაკბერგი – $196 მლრდ
· ბერნარ არნო – $169 მლრდ
· ლარი პეიჯი – $142 მლრდ
· უორენ ბაფეტი – $142 მლრდ
· სერგეი ბრინი – $135 მლრდ
· ამანსიო ორტეგა – $127 მლრდ
· სტივ ბალმერი – $121 მლრდ
ამასთან, იმ 7 კომპანიიდან, რომელთა საბაზრო ღირებულებამაც ტრილიონ დოლარს მიაღწია, 6 ტექნოლოგიური სექტორიდანაა.
Informa Connect Academy-ის ბოლო ანგარიში იმ მილიარდერთა რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც, ანალიტიკოსების აზრით, ტრილიონერის სტატუსს ყველაზე მალე მიაღწევენ. კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოს პირველი ტრილიონერი სულ რაღაც სამ წელიწადში ეყოლება.
ანალიზი პლანეტის 30 უმდიდრესი ადამიანის ქონების წლიური ზრდის 5-წლიან საშუალო ტემპს ეფუძნება, რის მიხედვითაც შესაძლებელია პროგნოზირება, რომელი მათგანის ქონება შეფასდება 13-ნიშნა რიცხვით ყველაზე მალე.
წყარო: bm.ge