მილერი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საქართველოს მთავრობას კორუმპირებულთა პასუხისგებისკენ მოვუწოდებთ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ გამოძიება ჩაატარონ.
“სამი სანქცია, რომლებიც ახსენეთ, დაწესდა, რათა ხელი შეეწყოს იმ ბოროტმოქმედთა პასუხისგებას, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და ძირს უთხრიდნენ კანონის უზენაესობისა და საქართველოს საზოგადოებაში იურიდიული სისტემის რწმენას. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ [საქართველოს] მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისგების ხელშეწყობის მიზნით.” – თქვა მილერმა ბრიფინგზე.
ბრიფინგზე ჟურნალისტმა მილერს ჰკითხა, მას შემდეგ, რაც მან გასულ კვირაში ქართველ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, რომ სანქცირებულ 4 მოსამართლეზე გამოძიება დაეწყოთ, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
ამას გარდა, ამავე ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ევროპული გზიდან დააშორებს.
“მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად მუშაობენ და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ასევე გვაშფოთებს, რომ კანონპროექტი შეზღუდავს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მისაწოდებლად. თუმცა, რადგან ეს ჯერ კანონპროექტია, აქ გავჩერდები და არ ვისაუბრებ მისი კანონად მიღების არანაირ შედეგზე.” – თქვა მილერმა.
მანამდე, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მ თქვა, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, -ს საელჩოს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართოს.
“საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ”. – თქვა მდინარაძემ.
2023 წლის აპრილში აშშ-მ “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.