„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გავლენას მოახდენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. როგორც მილერმა თქვა, ამ კანონით „წარმოუდგენლად შეშფოთებული“ არიან:
„ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომლებსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ”.
მილერმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონს უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა:
„როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს“.
„ქართული ოცნების” ლიდერები ვაშინგტონს შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივების, თუ სამხედრო დახმარების გაძლიერების დაპირება, რასაც თბილისი კანონზე უარის და არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შემთხვევაში მიიღებს, ერთი მხრივ „ბუნდოვანი პერსპექტივაა”, მეორე მხრივ კი „ნამდვილი მეგობრები“ ერთმანეთისგან დათმობებზე წასვლას არ უნდა ითხოვდნენ:
„ამდენად სერიოზულად შეშფოთებული არ არის მხოლოდ შეერთებული შტატები და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს…. ყოველ ეჭვგარეშეა თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, – უთხრა მილერმა „ამერიკის ხმას“ 23 მაისს.
23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.
მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება” კანონზე უარს იტყვის.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის” კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც.
„ქართული ოცნება” კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია”.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.