მილერი: გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, უნდა ელოდოთ, რომ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას რუსულ კანონთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს კანონი საქართველო--ის ურთიერთობებს ფუნდამენტურად ცვლის.
მან უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს სანქციებთან დაკავშირებით.
მილერის თქმით, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ “სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებდნენ”.
სახდეპის სპიკერი ამბობს, რომ მათ გამოაცხადეს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა და “აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს”.
“საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ამერიკის ურთიერთობებს საქართველოსთან. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გვექნება პასუხი ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა.
ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გვაქვს გამოცხადებული ინდივიდუალური სანქციები და ამაზე გავჩერდები. მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე. სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს. აქ შევჩერდები”, – თქვა მილერმა.
***
24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკარტიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ “შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს”.
კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია.