იტალიის ქალაქ მილანში გაიხსნა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მემორიალი. ის მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, კორსო კომოზე, სკვერში, რომელიც ატარებს 2006 წელს მოსკოვში მოკლული რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას სახელს.
მემორიალი წარმოადგენს გრანიტის კუბს, დაფით, რომელსაც აწერია ნავალნის სიტყვები – “მე თუ მომკლავენ, არ დანებდეთ”. დაფაზე ასევე აღნიშნულია, რომ მემორიალი ემსახურება ნავალნის ხსოვნისთვის პატივის მიგებას ქალაქ მილანისგან. ნავალნის სახელისა და გვარის ქვემოთ წერია “რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, დაიღუპა ციხეში, 2024 წლის 16 თებერვალს”.
მემორიალის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ მილანის საქალაქო საბჭოს პრეზიდენტი, ელენა ბუშემი, საბჭოს სხვა წევრები და მერიის წარმომადგენლები. მემორიალი ნავალნის შვილმა, დარიამ გახსნა.
“მამაჩემი ასეთი ძლიერი ადამიანი იყო. თქვენთვის იგი იყო დაუჯერებელი ლიდერი და შთაგონების წყარო, მაგრამ ჩემთვის ის ასევე იყო კეთილი, მხიარული და მოსიყვარულე მამა. მხოლოდ იმედი შეიძლება მქონდეს, რომ ოდესმე შევძლებ მას დავემსგავსო” – დარია ნავალნაიას ამ სიტყვებს ავრცელებს ტელეარხი “დოჟდი”.
ალექსეი ნავალნი იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე. ის 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში. ოფიციალური ვერსიით, პოლიტიკოსის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით მოხდა. ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას ნათქვამი აქვს, რომ მისი ქმარი “სიცოცხლის ბოლო წუთებში უჩიოდა მწვავე ტკივილს მუცლის არეში”, ხოლო ნავალნის მოკავშირეები თვლიან, რომ ის ციხეში მოკლეს, სავარაუდოდ, კრემლის მითითებით, რასაც კრემლი უარყოფს.
ფორუმი
