“მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი შენელდება” – Galt & Taggart

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი რეგულაციების გამკაცრების გამო შენელდება. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მარეგულირებელ გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
როგორც კვლევიდან ვიგებთ:
• მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის განმარტება შეიცვალა და შემცირდა 500 კვტ.-დან 100 კვტ.-მდე.
• მიკრო სიმძლავრის სადგურები ნეტო აღრიცხვის რეგულაციის ნაცვლად – ნეტო დარიცხვით ისარგებლებენ. აღნიშნული რეგულაციები კი ასე განისაზღვრება:
• ნეტო აღრიცხვის რეგულაციის მიხედვით, ერთმანეთში იქვითება მოხმარებული და წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა.
• ნეტო დარიცხვის დროს ერთმანეთში იქვითება ელექტროენერგიის ღირებულება. კერძოდ, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება დაითვლება სემეკის დადგენილი ტარიფების მიხედვით (2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 21-25 თეთრი მოსახლეობისთვის, 28-32 თეთრი ბიზნესისთვის), ხოლო ქსელში მიწოდებული ენერგიის ფასი გამანაწილებელი ლიცენზიანტის შესასყიდი საშუალო შეწონილი ფასი იქნება (დაახლოებით 5-6 თეთრი). შესაბამისად, მოხმარებული და შესყიდული ენერგიის ღირებულებები თვის ჭრილში გაიქვითება.
მათივე ცნობით, ნეტო დარიცხვაზე გადასვლა ენერგო-პროს აბონენტებისთვის 1 ოქტომბრიდან დაიწყება, რადგან ამ ქსელში ნეტო აღრიცხვისთვის დასაშვები ლიმიტები (ქსელის პიკური დატვირთვის 20%-ი) ამოწურულია.
“თელასის აბონენტებისთვის 2027 წლის პირველი იანვრიდან მოხდება, ან როდესაც თელასის ლიმიტიც ამოიწურება.
• გარდამავალი პერიოდი: ნეტო აღრიცხვის ფარგლებში აშენებული ელ. სადგურები 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლებენ აშენების მომენტში არსებული წესებით და მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გადავლენ ნეტო დარიცხვით ანგარიშსწორებაზე.
• ტექნიკური მოთხოვნები: ყველა აშენებული მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური 2026 წლის პირველ აპრილამდე ვალდებულია სემეკს წარუდგინოს დამოუკიდებელი მესამე პირის დასკვნა რეალურად აშენებული სიმძლავრის შესახებ. შედეგად, სემეკის სტატისტიკა რეალობის შესაბამისი გახდება. დღევანდელ სემეკის სტატისტიკაში, დადგმული სიმძლავრე განაცხადების ჯამს შეესაბამება, ხოლო რეალურად ათვისებული მოცულობა შესაძლოა ნაკლები იყოს”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2025 წლის 8 თვის მდგომარეობით ნეტო აღრიცხვით მოსარგებლე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური მოცულობა 287.5 მგვტ.-ს შეადგენს.
energynews.ge