მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ეფექტიანი და ჯანსაღი კორპორაციული კულტურის დანერგვა უნდა მოხდეს – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, არასაბანკო ზედამხედველობის მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად მიკროსაფინანსო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებლების მიმოხილვასა და სექტორში არსებული გამოწვევების გაზიარებას.
მათივე ცნობით, შეფასდა მიკროსაფინანსო სექტორის განვლილი პერიოდის საქმიანობა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
“შეხვედრაზე მხარეებმა მიკროკრედიტის ლიმიტის გაზრდასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან დაკავშირებულ სიახლეებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა კორპორაციული მართვისა და საოპერაციო რისკების კუთხით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში დაგეგმილ ცვლილებაზე.
ნინო ჯელაძის განმარტებით, აღნიშნულის მიზანია მოხდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ეფექტიანი და ჯანსაღი კორპორაციული კულტურის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ადგილობრივ მომხმარებლებთან და საერთაშორისო ინვესტორებთან ნდობის გაძლიერებას.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური შეკითხვები და მიეღოთ შესაბამისი პასუხები. მსგავსი შეხვედრები მიკროსაფინანსო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.