მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის აკრძალვა, დიდი ალბათობით, გადავადდება

ავტოსადგურების რეფორმის ვადა, სავარაუდოდ, გახანგრძლივდება. ამაზე ეკონომიკის სამინისტრო უკვე მსჯელობს, რადგან საკითხი დღის წესრიგში ბიზნესმა დააყენა, რომელიც ახალი რეგულაციებისთვის ემზადება. სადგურები დადგენილ გადაწყობას ვერ ასწრებენ, ამიტომ სამინისტრომ შესაძლოა, მათი თხოვნა გაითვალისწინოს.
რეფორმა გულისხმობს ავტოსადგურების ლიცენზირებას, რომლის ვადაც 2025 წლის პირველი ივნისია, და ასევე, მგზავრადამყვანი ოპერატორების საქმიანობის რეგულირებას. 2025 წლის პირველ მარტამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა შესაბამისი ნებართვის აღება უნდა შეძლონ.
„შეხვედრაზე მიწვეული ვიყავით ავტოსადგურების წარმომადგენლები და განვიხილეთ საკითხები, რომლის ნაწილიც ძალაში შედის 2025 წლის 1-ლი მარტიდან, ნაწილი – 1-ლი ივნისიდან. რეგიონის წარმომადგენლებმა დასვეს გადავადების საკითხი, რომელიც ჯერ არ გადაწყვეტილა.
ჩვენ გვაქვს პირველი კატეგორიის ავტოსადგური და იმ მოთხოვნების უმეტესობა, რასაც მოიცავს რეგულაციები, უკვე გაკეთებული და მოწესრიგებულია, მაგრამ არის ზოგიერთი საკითხი, რის გაუმჯობესებასა და თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე შესრულებასაც ითხოვენ. მზად ვართ ამისთვის, დავიწყეთ უკვე სამუშაოები, ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდეც. ასე რომ, 1-ლი ივნისისთვის ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვიქნებით”, – განაცხადა დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძემ.
ბიზნესი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა მგზავრთა გადამყვანებს ექმნებათ, რადგან ტექნიკური რეგლამენტით მიკროავტობუსებს 2025 წლის ივნისიდან შორ მანძილებზე მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ. საუბარია 150 კმ-ზე მეტად დაშორებულ ქალაქებზე. ამ შემთხვევაში მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით უნდა მოხდეს.
„ჩვენ კი მზად დავახვედრებთ გადამყვანებს ინფრასტრუქტურას, მაგრამ მძღოლებმა, ვინც ასრულებს ამ საქმიანობას, ხომ უნდა შეძლონ მოთხოვნების მიხედვით საჭირო ავტომანქანების შემოყვანა. აქ საუბარია ავტობუსებზე. საქმე ისაა, რომ გარკვეულ ეტაპზე შეინიშნება პრობლემა, ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები უმეტესობას არ ჰყავს”, – განაცხადა მიქატაძემ.
შეხვედრა ეკონომიკის სამინიტროში გასულ კვირას გაიმართა. მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, რეფორმა უზრუნველყოფს ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, ტურიზმის განვითარებას, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, ასევე გარემო პირობების ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებას.
„მიმდინარე რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ავტოგადამზიდავების მიერ გარკვეული მოთხოვნების შესრულებას. გამოითქვა აზრი რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით – ძირითადად ეს ეხებოდა ვადებს. განვიხილავთ ამ მოსაზრებებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საუკეთესო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სადგურებისა და გადამზიდავებისთვის”, – აღნიშნა გურამიშვილმა.
ახალ რეალობაზე მორგება ბიზნესისთვის დამატებით ფინანურ სახსრებთან არის დაკავშირებული. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ რეფორმა აუცილებლად გასატარებელია, თუმცა ბიზნესის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ. სწორედ ასე ფიქრობს სატრანსპორტო სფეროს ექსპერტი გელა კვაშილავა.
„რასაკვირველია რეფორმა უნდა გატარდეს, მაგრამ ამ საქმიანობაში ჩართული ბიზნესკომპნიების, ინდივიდების, მოსაზრებები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროცესში უნდა იყოს მაქსიმალური კოორდინაცია. საზოგადოებამაც უფრო მეტი დეტალი უნდა იცოდეს.
მოსაზრებები, რაც შეხვედრაზე გამოითქვა, მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ, რადგან ეს ყველაფერი მოითხოვს ინფრასტრუქტურის განახლებას, კაპიტალდაბანდებას და სხვა. ინფორმაცია იყო, რომ სახელმწიფო პროგრამები ამოქმედდება ბიზნესის მხარდაჭერისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს კვაშილავა.
ბიზნესის ინტერესების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საფუძველი არ ჩაეყაროს მონოპოლიას და ერთი ადამიანის ან კომპანიის ხელში არ აღმოჩნდეს რომელიმე კონკრეტული მიმართულება.
„მსგავს ცვლილებებს მივესალმები, რადგან ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი რეფორმები გატარდება, მაგრამ მხოლოდ ბრძანება გამოიცეს და დასაქმებულ ორგანიზაციებს პრობლემა შეექმნეს, ეს იქნება მათი უფლებების დარღვევა. რეფორმა კარგია, მაგრამ ცვლილება უნდა განხორცელდეს უმტკივნეულოდ, რადგან სადგურებზე დასაქმებული ნებისმიერი ადამიანი – მძღოლი იქნება თუ დისპეტჩერი – უფლება იყოს დაცული. მათი პოზიცია უნდა გაითვალისწინოს სამინისტრომ. ხალხს არ უნდა მიუდგნენ, რომ მათ ასე “აწყობთ”, არამედ ყველას ფინანსური მდგომარეობა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუნდაც ის, რომ მძღოლი რამდენად მზად არის ტრანსპორტის შეცვლისთვის. თუკი არ აქვთ ამის საშუალება, სპეციალური პროგრამა აამოქმედონ ან სხვა დახმარება აღმოუჩინონ.
მნიშვნელოვანია, არ ჩამოყალიბდეს მონოპილია. ბაზარზე სხვადასხვა კომპანია და მძღოლი უნდა ოპერირებდეს, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. თუ ერთი ადამიანის ან კომპანიის ხელში გადავა, მაგალითად, თბილისი-ზუგდიდის მიმართულება, ეს გამოიწვევს მონოპოლიას და დროთა განმავლობაში ტარიფების ზრდაზეც იქონიებს გავლენას”, – ამბობს ლაშა დარბაისელი.
წყარო: რეზონანსი