მიიღონ მონაწილეობა და ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს – კალაძე ადგილობრივ არჩევნებზე

ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს: „მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობა“ – ეს არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის. ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა წლების წინ, ისინი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში. ეს არის მოცემულობა“.