“მიიღეს შესაბამისი პასუხი” – “ოცნების” წევრი, ნოდარ ტურძელაძე (ვიდეო)

“ქართული ოცნების” წვერი, ნოდარ ტურძელაძე, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შესაბამისი პასუხი მიიღეს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იცის ვინ უნდა დააკავოს:

თქვენი მხარდამჭერები როდესაც მოვიდნენ და დაიწყეს შესაბამისი სიმღერა, მიიღეს შესაბამისი პასუხი. შტაბიდან გამოსულმა ადამიანებმა გამოხატეს რეაქცია გინებაზე, შეურაცხყოფაზე და იმ საზიზღრობებზე.

როგორ შეიძლება ახლა ქალის ცემა მომეწონოს, ან კაცის ცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იცის ვინ უნდა დააკავოს. შესაბამის რეაგირებას მოახდენს ,” – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. 

ცნობისთვის, კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ კაცი, რომელმაც ქალების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირით დასდევდა, საბურთალოს გამგეობის თანამშრომელი ზაზა მამალაძეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა მამალაძე სწორედ “ოცნების” წევრის, ნოდარ ტურძელაძის მძღოლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს “ქართული ოცნების” პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

“ოცნების” წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას “ოცნების” პარტაქტივი არ დაუკავებია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი