“მიიტანეთ გულთან ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირი” – მოშიმშილე მაღაროელის ცოლი

ჭიათურელი მაღაროელის, მერაბ სარალიძის ცოლი, ჟანა გოგატიშვილი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. ის ითხოვს მისი ქმრისა და მასთან ერთად დაკავებული სამი ადამიანის გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანის გათავისუფლებას.
სარალიძე და ნეფარიძე ციხეში შიმშილობენ. მათ გარდა შიმშილობს კიდევ 5 მაღაროელი. მათგან სამს პირი აქვს ამოკერილი.
“როცა მე და მერაბმა ოჯახი შევქმენით, დედა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. ობლობაში გაიზარდა, დედისერთაა. არ გვქონდა საკუთარი ჭერი. შრომის იმედად დავიწყეთ თანაცხოვრება. ყველაფერს აკეთებდა, რომ შეგვძლებოდა შვილებისთვის კარგი მომავალი შეგვექმნა. მაშინაც არ ასცდენია გზას, არ დაუკარგავს საკუთარი სინდისი და პატიოსნება, როცა უკიდურესად გვიჭირდა. შრომით ვზრდით ორ შვილს, ვიყიდეთ სახლი, ფეხზე დავდექით და საუკეთესო თუ არა, ნორმალურ პირობებში ვაგრძელებდით ცხოვრებას. ახლა ციხეში შიმშილობს და ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა. განა რას ითხოვდნენ უსამართლოს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ურთულეს პირობებში სიკვდილის ფასად უწევთ შრომა. ორჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ დიდი ქვა დაეცა, მძიმე ტვინის შერყევით იწვა. კასკა რომ არა, ალბათ ვერც გადარჩებოდა. ასევე შიმშილობენ მისი მეგობრები კარავში. სამს პირი აქვს ამოკერილი, მათი მდგომარეობაც ყოველდღე მძიმდება. ძალიან მიჭირს ამ რეალობის გამკლავება. ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ მიწყობს ხელს, რომ ორი შვილის მარტო რჩენა და გაზრდა შევძლო. პასუხებს ვეღარ ვპოულობ ჩემი შვილების შეკითხვებზე. ბიჭი წელს შედის სკოლაში, სულ მეკითხება მამიკოს ამბავს, მოენატრა. გოგო მე-6 კლასში გადავიდა, მამას ტელეფონზე ვერ ესაუბრება, ტირის და ნერვიულობს ბავშვი. მანამდეც ჰქონდა ნერვული პრობლემები, მაგრამ ახლა გაუმძაფრდა, ექიმთან დამყავს ამის გამო. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ცხოვრებისთვის, მეტს არაფერს ვითხოვთ. მივმართავ ყველას, თუკი შეგრჩათ რაიმე ადამიანური, მიიტანოთ გულთან ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირი! გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებულები: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, თენგო გველესინი, გიორგი ნეფარიძე – მშრომელი, პატიოსანი ხალხი, რომელთაც კარგის მეტი არასდროს არაფერი სდომებიათ ქალაქისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ჟანა გოგატიშვილი