მითი,რომ თუ პროდუქტი ქართულია ე.ი უხარისხოა, დავამსხვრიეთ – Noonkid.store-ი ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

Noonkid.store-ი მიმდინარე წელს ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს – ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ ისაუბრა.
„ვფიქრობთ ფიზიკურ სივრცეს მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გავხსნით თბილისში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, სადაც მომხმარებელი შეძლებს ჩვენი პროდუქტების უკეთ დათვალიერებას, მოსინჯვას და ყიდვას. ზუსტი ინვესტიციის საჭიროება მაღაზიის გახსნისთვის ჯერჯერობით დათვლილი არ გვაქვს, თუმცა ეს პატარა თანხა ნამდვილად არ იქნება“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
Noonkid.store-ი თვიურად დაახლოებით 300-500 ერთეულ სამოსს აწარმოებს, რომელთა ფასები 50-დან 300 ლარამდე მერყეობს.
„ხარისხი და სხვა მახასიათებლები განსაზღვრავს ჩვენი პროდუქციის ფასს. მუდმივად ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა აქციები და ფასდაკლებები შევთავაზოთ, რათა უფრო ხელმისაწვდომი იყოს Noonkid.store-ის პროდუქცია. რაც ყველაზე მეტად გვახარებს, მითი იმის შესახებ, რომ თუ პროდუქტი ქართულია ე.ი უხარისხოა, დავამსხვრიეთ“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
Noonkid.store ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, რომელიც ხელნაკეთ, ეკო-მეგობრულ საბავშვო ბრენდს წარმოადგენს. Noonkid.store-ი ქმნის ვინტაჟური სტილის საბავშვო სამოსს, რომელიც თავისი არაყოველდღიური დიზაინის მიუხედავად საკმაოდ კომფორტული და ყოველდღიურად გამოყენებადია.