„ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული, ვის დააფინანსებდა და ვის არა, აი, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული განათლების სისტემა ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც“-ამბობს ლალი ანთიძე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
„ბათუმელები“ ლალი ანთიძეს „ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა.
· ქალბატონო ლალი, როგორ შეაფასებთ კობახიძის მიერ დაანონსებულ საუნივერსიტეტო რეფორმას და თქვენი აზრით, რა დარჩება თუნდაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან თუ ეს ცვლილებები განხორციელდა, თუ დარჩა ბსუ ერთი ფაკულტეტით და უცხოელი სტუდენტების გარეშე?
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ დაანონსებული ცვლილებები არის ძალიან ბუნდოვანი. უბრალოდ ისიც მწყინს, ასეთ სიბრიყვეებზე რომ მიწევს კომენტარების გაკეთება.
· რა გეჩვენებათ სიბრიყვედ დაანონსებულ რეფორმაში?
ფაქტობრივად, ამ რეფორმის ყველა პუნქტი გამოიწვევს იმას, რომ განათლების სისტემა მთლიანად დასამარდება ქვეყანაში. რაღაც ისტორიული მოცემულობის გათვალისწინების დეკლარირებაც ძალიან ბუნდოვანია. არ მგონია ამ ისტორიულ მოცემულობაში გელათის და იყალთოს აღდგენას გულისხმობდნენ. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ამ „ისტორიულის“ ქვეშ იგულისხმება საბჭოთა, რადგან საბჭოთა პერიოდში იყო ასე, ერთი უნივერსიტეტი გვქონდა ქვეყანაში.
თუ ამ კონტექსტში შევხედავთ, ეს „ისტორიული“ ნიშნავს, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით და მაშინ გამოდის, რომ საბჭოთა ბათუმში ჩვენი უნივერსიტეტი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და პედაგოგიურად უნდა გადაგვაქციონ? – ეს ლეგიტიმური კითხვა ჩნდება.
თუ ადამიანმა წერა-კითხვა იცის და ორი წიგნი წაუკითხავს, ყველა ხვდება, რომ დღეს „ოცნების“ ხელისუფლება აბსოლუტური იზოლაციონიზმის პრინციპს ადგას და საერთოდ გვმიჯნავს ევროპისგან. როდესაც ეს პირდაპირ და ღიად ვერ გააკეთეს, ასეთი შეფარული რეფორმებით აკეთებენ. ფაქტობრივად, ჩვენს სტუდენტებსაც გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობა ესპობათ და ჩვენს მოსწავლეებსაც ესპობათ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
· კობახიძის რეფორმით უნივერსიტეტებს ეზღუდებათ უცხოელი სტუდენტების მიღებაც. მაგალითად ბსუ-ს, 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჰყავს და ეს არის უნივერსიტეტისთვის დამატებითი შემოსავალი. რას დაკარგავს ამით ბათუმის უნივერსიტეტი?
არა მარტო ბსუ-ს, სხვა უნივერსიტეტებსაც ჰყავთ უცხოელი სტუდენტები და ესეც იმის ნაწილია, რომ საბოლოოდ დაიმორჩილონ უნივერსიტეტები და მთლიანად დამოკიდებული გახადონ სახელმწიფოზე. აბსოლუტურად კლავენ უნივერსიტეტის ავტონომიას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტი გვქვია, მაინც არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე და სტუდენტების შემოსავლებით ვარსებობთ. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფო გვეხმარება, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებია, მაგალითად ლეონიძეზე სტუდენტური საცხოვრებელი ააშენეს და კიდევ სხვა საამშენებლო პროექტებიც განახორციელეს. სხვა მხრივ, უნივერსიტეტი საზრდოობს სტუდენტების შემოსავლებით, ამიტომ, აბსოლუტურად შეიცვლება არსებული მოდელი და დაფინანსება ხელისუფლების მიმართ მორჩილების ხარისხით განისაზღვრება.
· რამდენი ფაკულტეტი ფუნქციონირებს დღეს თქვენთან და რამდენად წარმოგიდგენიათ ბსუ ერთი ფაკულტეტით?
სადღაც 7 თუ 8 ფაკულტეტია დღეს უნივერსიტეტში და სიმართლე გითხრათ, ვერანაირად ვერ წარმომიდგენია უნივერსიტეტი ერთი ფაკულტეტით. მგონია, რომ რაღაც გვეშველება და ვარსკვლავები ისე დალაგდება საიმისოდ, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას ვერ მოასწრებს ეს ხელისუფლება. შინაგანად მჯერა ამის.
თუ მაინც გააკეთეს, ძალიან ბევრი პროფესორი წავა ალბათ სამსახურებიდან და ბუნებრივია, უმუშევრობა გაიზრდება.
იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ, ალბათ მისცემენ დამთავრების საშუალებას და მერე გადავლენ ახალ მოდელზე. ახლა, ამ მოცემულობაში ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ეს ძალიან დიდ რყევებს გამოიწვევს და სად უნდა წაიყვანონ ამდენი სტუდენტი?
მაშინ თვითონ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მათი სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილება, მათი იქ ცხოვრება და ასე შემდეგ.
· სტუდენტები რას ამბობენ ამ მოსალოდნელ ცვლილებებზე, გააზრებული აქვთ რა ტიპის სისტემაში მოუწევთ განათლების მიღება?
ყველა ტიპის სტუდენტი არსებობს დღეს. ისეთი, ვისაც მხოლოდ ნიშანი და დიპლომის ფურცელი უნდა, ვისთვისაც მხოლოდ ის არის მთავარი, რომ „ნაჭამი ვიყო“, როგორც ეს თქვა ერთ-ერთმა იმ ვიდეოში, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა და ვნახეთ ყველამ და არიან ისეთებიც, რომლებიც მართლა აზროვნებენ და სხვანაირად უდგებიან ამ პროცესს და რეაქციებიც განსხვავებული აქვთ.
· პროფესორები რა აზრზე არიან? ჯერ-ჯერობით მათი შეფასებები არ მოგვისმენია ამ საკითხზე.
სიმართლე გითხრათ, ისე ვარ დაკავებული ლექციებით, მათთან სალაპარაკოდ არ მომიცლია და მე მგონი, არც ვუყურებთ ამ რეფორმას სერიოზულად, რადგან რაღაც წარმოუდგენელი ამბავი მგონია, რადგან ამ მთავრობამ ბევრი რამ დააანონსა და მერე მიხვდნენ, რომ ვერ ახორციელებდნენ. ახლაც მაგის იმედი გვაქვს.
უდავოდ განუხორციელებელი პროექტია, ასე ერთი ხელის დაკვრით – მით უმეტეს. ბევრი საკითხი რჩება ღიად, თუნდაც სახელმწიფო გრანტის საკითხი. თუ კერძო უნივერსიტეტში ჩაირიცხება სტუდენტი მერე რა ხდება, ესეც გაუგებარია. ასევე გაუგებარია კერძო უნივერსიტეტების ბედი.
· ხომ თქვეს, რომ მხოლოდ უნივერსიტეტები დაფინანსდება. გამოდის გრანტის სისტემა გაუქმდება.
იმიტომ, რომ უნივერსიტეტის დაფინანსება გაცილებით იოლად მართვადს გახდის უნივერსიტეტს.
არცერთი პუნქტი მისაღები არ არის ჩემთვის, აბსოლუტურად არცერთი. არსად არ არსებობს მსგავსი სისტემა. არცერთი ქვეყნის მოდელში არ ჯდება. ალბათ უფრო რუსულთან არის ახლოს და სავარაუდოდ რუსულს დაუახლოვდება.
· ფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მიზანიც ქვეყნის იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია?
სრული, აბსოლუტური იზოლაციონიზმია მიზანი, ანუ რკინის ფარდა. ეს ერთი და მეორეა ის, რომ უნდათ სამუშაოს მიმცემები და დამსაქმებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო და ყველა სხვა წყაროს ჭრიან.
თვითონ მათ ექნებათ ოფშორებიდან შემოსავლები, სხვებს კი დატოვებენ დაფინანსების წყაროს გარეშე. როგორც არასამთავრობოებს და მედიას გადაუკეტეს შემოსავლის წყარო, ისე მოხდება უნივერსიტეტების შემთხვევაშიც. საზოგადოებას ართმევენ რესურსებს.
ასლან აბაშიძის კეთილ ნებაზე რომ იყო დამოკიდებული ვის დააფინანსებდა და ვის არა, ამ დროში გვაბრუნებენ, აქეთკენ მიჰყავთ ყველაფერი, რომ ერთადერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული ფინანსურადაც და სტრუქტურულადაც მთელი განათლების სისტემა.
ყველა კარგად ვხედავდით, რომ ასეთი სისტემაში განვითარება არ ხდებოდა.




