რუსეთში დაკავებული ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას დედა დალი გაწერელია საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს მიმართავს და მისი შვილის ციხიდან დახსნაში დახმარებას სთხოვს.
ამ თემაზე დალი გაწერელიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.
“მინდა მივმართო სალომე ზურაბიშვილს დახმარებისთვის, ჩვენს მთავრობას მივმართო დახმარებისთვის, რაც შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ და იხსნან ბავშვი ტყვეობიდან”- თქვა დალი გაწერელიამ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, დალი გაწერელია ამბობს, რომ თავად დაწერა ორი თვის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება, 5 დღის წინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მამუკა გაწერელიას საკითხი განხილვის პროცესშია.
“ჩვენ ორი თვის უკან მივმართე განცხადებით და დავრეკე საგარეო სამინისტროში და ორი თვის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მამუკას ამბავი განხილვაშია და როგორც კი რამეს გავიგებთ, დაგიკავშირდებით და გაცნობებთ ყველაფერსო. 5 დღის უკან დამირეკეს”- თქვა მან.
გარდა ამისა, მებრძოლის დედა ამბობს, რომ კონტაქტი აქვს საქართველოში მყოფი უკრაინის სამხედრო ატაშესთან.
“გუშინ დაგვირეკა საქართველოში მყოფმა სამხედრო ატაშემ და მითხრა, რომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს ბიჭი ვიხსნათო. მგონი, მართლაც გააკეთებენ ყველაფერს, რომ გაცვალონ”- თქვა დალი გაწერელიამ.
როგორც გაწერელია ჰყვება, შვილს განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა.
“წინა დღით დამირეკა, რუსულად მელაპარაკეო მითხრა და თვითონაც რუსულად ლაპარაკობდა. იქ თავზე ადგნენ და უნდოდათ გაეგოთ, მე რას ვლაპარაკობდი. ქართული არ იცოდნენ. მითხრა, ხვალ სასამართლო მექნება და განაჩენს გამოიტანენო”- თქვა გაწერელიამ.
***
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას სამუდამოდ დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია 20 თებერვალს გაავრცელა. მამუკა გაწერელია უკრაინაში იბრძოდა და რუსეთის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი.
ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 22 წლის მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა.
ე.წ. სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მამუკა გაწერელიას ბრალად ედება “მარიუპოლში, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა”.
მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, აზოვსტალი დატოვეს.
მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.