„მივმართავთ მთავრობას, პარლამენტს, სახალხო დამცველს, მოგვისმინონ“ – შუქრუთის აქციის მონაწილე

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა საპროტესტო აქციის მონაწილეები, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართავენ და მათი უფლებების დაცვაში დახმარებას სთხოვენ. ასეთია შუქრუთელების პასუხი პრემიერ-მინისტრის მიერ 13 სექტემბერს გაკეთებული განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება კომპანიის და დაზარალებული მოსახლეობას შორის არსებულ დავაში ჩართვას არ აპირებს. შუქრუთელების პოზიცია bm.ge-სთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გიორგი ნეფარიძემ გაუზიარა.
პრემიერ-მინისტრმა 13 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა: “ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და, ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებითი არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ, მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ჯერჯერობით მოლაპარაკებების გამართვა კომპანიის საქმეა”.
უნდა აღინიშნოს, რომ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი 186-ე დღეა გრძელდება – მოსახლეობის ნაწილი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რაც კომპანიის საქმიანობამ სოფელს მიაყენა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა დედაქალაქში მეოთხე დღეა რაც პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლა, სადაც შუქრუთელები ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – მეთოთხმეტე დღეა, 5 მოქალაქეს პირი აქვს ამოკერილი. “ჯორჯიან მანგანეზში” აცხადებენ, რომ შუქრუთის აქციის ყველა მონაწილეს საკომპენსაციო თანხები სრულად აქვთ აღებული, რასაც აქციის მონაწილეები უარყოფენ.
„ჭიათურიდან თბილისში იმიტომ ჩამოვედით და რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას იმიტომ მიმართა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ გვისმენს და ჩვენს თხოვნას ყურად არ იღებს. როგორც იცით 14 მარტიდან უწყვეტ საპროტესტო აქციებს ვმართავთ ჭიათურაში. ამ ხნის მანძილზე არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჩვენთან არავინ მოსულა. ახლა როცა თბილისში ჩამოვედით და საპროტესტო აქციებს პარლამენტის წინ ვმართავთ, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის მეთაური განცხადებებს ისე აკეთებენ, რომ წარმომადგენელიც არ გამოუგზავნიათ ამბის გასაგებად, სამაგიეროდ იმეორებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კომპენსაცია სრულად გვაქვს აღებული, რაც სიცრუეა და მზად ვარ ეს დოკუმენტალურადაც დავამტკიცოთ. ამიტომ ვითხოვთ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას საკითხის გადაწყვეტის პროცესში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოყენებული ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაგვიხადონ. ეს ვალდებულება კომპანიამ 2021 წლის 9 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით იკისრა, რომელიც შემდეგ დაარღვია, არ შეასრულა და ის თანხები, რაც დაზარალებულ ოჯახებს ავანსის სახით ჩაურიცხა, სრულ კომპენსაციას ეძახის“, – აცხადებს გიორგი ნეფარიძემ.