„მივიღეთ ზომები და კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ“ — ენტონი ბლინკენი რუსულ კანონზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ამერიკის მხრიდან კიდევ მეტ რეაგირებას უნდა ველოდოთ.
ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ბრუკინგსის ინსტიტუტის დისკუსიისას ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„საქართველოში „უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან“ დაკავშირებით ჩვენც და ბევრმა სხვა ქვეყანამაც არა მხოლოდ ღრმა შეშფოთება გამოვხატეთ, განსაკუთრებით მისი დამტკიცებისას, არამედ მივიღეთ ზომები, რომლითაც მოვახდინეთ ამ შეშფოთების მანიფესტაცია. მე ვფიქრობ, რომ ალბათ კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ ამასთან დაკავშირებით“, — თქვა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სერიოზული ძვრები მიმდინარეობს. “უცხოური აგენტების შესახებ კანონი” ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ კურსს, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს.