„მივესალმებით ამ ანტიდემოკრატიული ინიციატივისთვის ვეტოს დადებას“ — კამალა ჰარისი ზურაბიშვილს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სთვის გამოგზავნილ წერილში გმობს რუსული კანონის მიღებას, დადებითად აფასებს პრეზიდენტის ვეტოს და მიიჩნევს, რომ ეს არის „ანტიდემოკრატიული ინიციატივა“, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ურთიერთობებს ევროპა-ამერიკასთან.
-ის საელჩო ავრცელებს ვიცე-პრეზიდენტის წერილის ქართულენოვან თარგმანს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის. შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს ს შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას. ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატოში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში,“ — წერს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 27 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე. აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვა, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პირებს, ასევე, გადაიხედება აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები. აშშ-ში ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ანტიდასავლურ კურსს, ქვეყანას გაუჩნდება შანსი, აშშ-სთან მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ