„მიეცით საშუალება სადიგოვს, დატოვოს საქართველო“ — პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს მთავრობას

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი.
ამის შესახებ ინსტიტუტი X-ზე, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„IPI Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს საექსტრადიციო პატიმრობიდან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და მისცეს მას საშუალება, რომ დატოვოს საქართველო“, — წერს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.
#Georgia: IPI demands the immediate release of https://t.co/6IiNIC2FuN’s editor-in-chief, Afgan Sadygov, from extradition detention. We urge @GovernmentGeo and @MIAofGeorgia not to extradite Sadygov to Azerbaijan and to allow him to leave Georgia.https://t.co/jc5rfbHONC — IPI – The Global Network for Independent Media (@globalfreemedia) August 5, 2024
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.
როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს, აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს