მიგრაციის პლუსები და მინუსები ეკონომიკაში – რა კეთდება მის შესაჩერებლად

მიგრაციის მაჩვენებელი საშიშ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქვეყნიდან სამუშაოს შოვნის, განათლების მისაღებად ან რაიმე სხვა მიზეზით გადიან, ხოლო უკან დაბრუნება თითქმის არავის სურს, რაც სტატისტიკას კატასტროფულად წარმოაჩენს. ბოლო ათწლეულში ემიგრანტების რაოდენობა 59%-ით გაიზარდა.
სტატიის თანახმად, საქართველოდან არარეგულარული შრომითი მიგრაცია უკვე ათწლეულებია შეუქცევად პროცესად იქცა. ემიგრაციის ძირითადი მიზეზები კი უცვლელია: უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, გაზრდილი ფასები და ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
2020 წელს საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია და რომლის 51 პროცენტიც არის ქალი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი, 2023 წლისთვის, ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 245 064 შეადგინა (44% ქალი), სადაც 163 480 ადამიანი იყო საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათწლეულში 59%-ით გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა.
ეკონომიკური გავლენის მიმართულებით, სტატიის ავტორი ყურადღებას ფულად გზავნილებზე ამახვილებს, რომლის დიდი ნაწილი იხარჯება საბაზისო საჭიროებებზე. სტატიის თანახმად, კვლევები აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილები, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებს ემიგრანტების ოჯახის წევრების დასაქმების მოტივაციაზე.
„ოჯახები თაობათა ცვლის პროცესშიც რჩებიან ფულად გზავნილებზე დამოკიდებულნი, რაც ახანგრძლივებს მათ ემიგრაციაში ყოფნას და ზღუდავს დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას სამომავლო ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის”,- აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა, რამდენადაც ის ამცირებს უფლებების დარღვევის რისკებს, თუმცა შეუძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება სამუშაო ძალის ექსპორტს დაეფუძნოს.
დემოგრაფების ინფორმაციით, ქვეყნიდან მოსახლეობა სხვადასხვა მიზეზით გადის, თუმცა ყველაზე ხშირად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო.
დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან დროულად არის ზომები მისაღები, მათ შორის, მნიშვნელოვანია შექმნას ნორმალური საცხოვრებელი პირობები, უმუშევრობა მოსპოს და გააუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
„რთული დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში, მოსახლეობა ინტენსიურად გადის სამშობლოდან უკეთესი მომავლის საძიებლად თუ სხვა მიზნით, რაც ადგილზე მუშა ხელის დიდ პრობლემას ქნის და წარმოება, ეკონომიკის რეალური სექტორი ვერ ვითარდება. ბევრი მიზეზია, მარტო სოციალური ეკონომიკური პრობლემა არ არის, განათლების მიღების მიზნითაც ბევრ გადის, მაგრამ სამწუხაროდ, უკან დაბრუნების სურვილი ხალხს იშვიათად უჩნდება. ამ ყველაფერს მივყავართ იქითკენ, რომ რეგიონები ცარიელდებიან, განსაკუთრებით მთიანი ტერიტორიები, რასაც რეალურად ვერაფერი შველის. ხალხი აქტიურად ცდილობს სოფლებისაგან ,,თავის დაღწევას”, მძიმე მდგომარეობაა. ამის შესაჩერებლად სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს, რაც შეუწყობს ხელს ადამიანების დამაგრებას სოფლად და მიგრაციის დონეს შეამცირებს. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ოჯახების შექმნას, დაუნიშნოს პირველი, მეორე, მესამე ბავშვის გაჩენისას მაღალი შემწეობები, შექმნას ნორმალური საცხოვრებელი პირობები, უმუშევრობა მოსპოს, და გააუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამასთანავე, დაძაბული პოლიტიკური პროცესებიც მიგრაციას ზრდის, რაც თავის მხრივ მოსახლეობას ამცირებს,” – განაცხადა ავთანდილ სულაბერიძემ.
როგორც წესი, მიგრაციას ქვეყნის ეკონომიკისთვის სიკეთის მოტანაც შეუძლია, ეს სიკეთე კი საერთაშორისო ფულად გზავნილებში მდგომარეობს. საერთაშორისო გზავნილები არც თუ ისე იშვიათად ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ადგილობრივი ვალუტის გამყარებას. ფულადი გზავნილები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისების დროს ახდენს რისკების დივერსიფიკაციას და განსაკუთრებით ეხმარება ქვეყნის ეკონომიკას. ფულადი გზავნილები კი სწორედ იმ მიგრანტებისგან მომდინარეობს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ცდილობენ ოჯახის წევრების დახმარებას.
აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალია რეალური სექტორის, განსაკუთრებით წარმოებისა და აგრარული სფეროს განვითარება, რაც ხალხს დაასაქმებს და განვითარების მეტ შესაძლებლობას შექმნის.
„პირველ რიგში, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ბოლო წლებში ამ მიმართულებით სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორებულია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკმარისია, მეტი უნდა გაკეთდეს. ხარჯის გასაწევად ხალხს შემოსავალი არ ჰყოფნის. ელემენტარულად, არ არის მოსავალი, იმ დონეზე, რაც ყოველდღიურ ყოფას შეამსუბუქებს. ცხადია, დაბალმოსავლიანობაა იმის გამო, რომ ადამიანებს არ აქვთ საბრუნავი საშუალებები, დაამუშაონ მიწები და რეალურად მიიღონ შემოსავალი. სამეურნეო სამუშაოები საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება და მოგება არ არის ისეთი, რომ ხალხმა მეტი სარგებელი ნახოს. სოფლიდან აყრილი მოსახლეობის უმეტესობა უცხოეთში მიდის და იქ ეძებს სამუშაოს, ნაწილი დედაქალაქში ცდილობს დამკვიდრებას.
ქვეყნიდან გასვლას ისიც უწყობს ხელს, რომ უფრო მეტად გაიხსნა გზა ევროპული ქვეყნებისაკენ, თურქეთისა და საკენ კი ისედაც გახსნილი იყო, ამიტომ ეს ცუდი ტენდენცია თავისთავად გაგრძელდება. ამას ვერაფერს დავუპირისპირებთ, თუკი სპეციალური სახელმწიფო პოლიტიკა არ შემუშავდება.
შეიძლება, ცოტა ადამიანი ცხოვრობდეს სოფელში, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, რომ ვინც არის იქ დარჩენილი, ისინი მაინც დავიცვათ. ამ მიმართულებით გარკვეული მშენებლობები მიმდინარეობს, რასაც მთავრობას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ არის სოფლები, სადაც ბევრია გასაკეთებელი, რომ ხალხს უკეთეს პირობებში უწევდეს ცხოვრება”, – აღნიშნა აკადემიკოსმა.
ამდენად, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, განსაკუთრებით საგანგაშოა ფაქტი, რომ გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ქართულ სკოლებს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო ტოვებს. 2023 წელს დაახლოებით 5 ათასს გადააჭარბა იმ მოსწავლეების რიცხვმა, ვინც სკოლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მოტივით დატოვა. ამ მაჩვენებელს კლების ტენდენცია ჯერჯერობით არ ახასიათებს.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ