მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე გადავდივართ, შესაბამისად, გარიგებები დახურულ კარს მიღმა, ფაქტობრივად გამორიცხულია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მაღალი სტანდარტები დაწესდება კადრების შერჩევის ნაწილშიც.
„რაც შეეხება კადრებს, ძალიან მაღალი სტანდარტი გვექნება სახელმწიფო შესყიდვების გამოცდილების მიმართულებით, ხელმძღვანელიც იქნება ძალიან გამოცდილი და ავტორიტეტული ამ მიმართულებით და შესაბამისად იქნებიან კადრებიც. მთავარ შედეგებს საზოგადოება დაინახავს მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ნახავს, თუ რა ეკონომიები ჰქონდა სახელმწიფოს ადრე და რამდენი ექნება შემდეგ. ასევე რამდენი დავა წარმოიშობა. დავებიც ერთ-ერთი ინდიკატორია – რამდენად მიდის ბიზნესი სასამართლოში, ან დავების საბჭოში და რამდენად აყენებს ვთქვათ იგივე დისკრიმინაციული მოპყრობის ან სხვა ნებისმიერ საკითხს კონკრეტულ უწყებაში, ეს იქნება სასამართლო, თუ დავების საბჭო. ესენია ის ინდიკატორები, რომლითაც შემდეგ ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, რამდენად ეფექტური იქნება განხორციელებული ცვლილებები“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.




