მთის კურორტები და საბაგიროები მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაშია და შეგვიძლია მოვთხოვოთ გაიაფება – ცოტნე ჯაფარიძე

„რადგან მთის კურორტები და საბაგიროები მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაშია და შეგვიძლია სახელმწიფოზე მოვახდინოთ ზეწოლა და ვაიძულოთ რომ ფასები არ იყოს ასეთი მაღალი. პირველ რიგში, ამაზე უნდა იყოს ატეხილი აჟიოტაჟი“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ გუდაურში საკვებსა და მომსახურებაზე გაზრდილ ფასებზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, „ხაჭაპური 45 ლარად ძვირია, მაგრამ კერძო ბიზნესს გაიაფებას ვერ მოვთხოვთ, სახელმწიფოზე შეიძლება ზეწოლა მოვახდინოთ და მოვთხოვოთ სასრიალო აბონემენტის გაიაფება“.
„ხაჭაპურის და კოკა-კოლას ფასებთან დაკავშირებით რომ ატყდა აჟიოტაჟი, პირველ რიგში უნდა დავინახოთ პრობლემის საფუძველი და არა შედეგი. პრობლემის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ შარშანდელ სეზონზე ერთდღიანი აბონემენტის ფასი 50-დან 70 ლარი გახდა. ეს 1 დღის სრიალისთვის საკმაოდ ძვირია, მით უმეტეს 2-ნი რომ ავიდეთ, 140 ლარი უნდა გადავიხადოთ და 2 დღის სრიალისთვის – 280 ლარი. პირველ რიგში, ამაზე უნდა იყოს ატეხილი აჟიოტაჟი, რადგან მთის კურორტები და საბაგიროები მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაშია და შეგვიძლია სახელმწიფოზე მოვახდინოთ ზეწოლა და ვაიძულოთ რომ ფასები არ იყოს ასეთი მაღალი და ხელმისაწვდომი იყოს უბრალო მოკვდავებისთვის“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
მისი თქმით, კურორტზე ასევე არ არსებობს შეღავათები. სტუდენტური შეღავათი მხოლოდ სეზონურ აბონემენტზე მოქმედებს და 150 ლარი ღირს.
„ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ გაზრდილი ფასებისა და გამოწვევების მიუხედავად, გუდაური ბევრად მაღალი დონის კურორტია, ვიდრე რეგიონში არსებულ რომელიმე სხვა კურორტი, მათ შორის თურქეთში არსებული კურორტი ერზრუმი და განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ, ამას უნდა „სწორი მენეჯმენტი, სწორი ხედვა და სწორი განვითარების პერსპექტივა და იქ, სადაც, გუდაურის განვითარების გეგმით, პარკინგები უნდა ყოფილიყო, ბეტონის კორპუსები არ უნდა აგვეშენებინა, რადგან ამან სრული ქაოსი, საცობები და გაუვალობა შექმნა კურორტზე“, – აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.