მთის ამბები: უკანონოდ დაკავების საქმეზე გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

მთის ამბების რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა უკანონოდ დაკავების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. მთის ამბების ცნობით, გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 4 მუხლის დარღვევას ედავება.
საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს.
მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს ნომერი მიანიჭა და განმცხადებელს აცნობა, რომ საჩივარს შესაძლებლობისთანავე განიხილავს.
მთის ამბების რედაქტორი, გელა მთივლიშვილი 23 იანვარს კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ჟურნალისტმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა უარყო. მთივლიშვილის თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში -ის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
31 იანვარს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მთივლიშვილი 2000 ლარით დააჯარიმა, გადაწყვეტილება კი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
მთის ამბების რედაქტორმა უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის საქმეებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმავე დღესვე მიმართა.
“გამოძიებამ მოიპოვა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის სამეთვალყურეო სისტემიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც მთლიანად ადასტურებს მთივლიშვილის უდანაშაულობას”, – წერს მთის ამბები.
გენერალურმა პროკურატურამ გელა მთივლიშვილი დაზარალებულად გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ ცნო.
მთივლიშვილი იმ ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც, მისი თქმით, უკანონოდ დააკავეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და პოლიციის ავტომობილში მასზე ფიზიკურად იძალადეს. მთივლიშვილი პოლიციელებს პროკურატურაში სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამოც უჩივის.