მთის ამბების ჟურნალისტებზე თავდასხმის და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოცემა მთის ამბების ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ მათ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მათი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
გამოცემის ცნობით, 1 აპრილს ჟურნალისტები მუშაობდნენ ხადის ხეობაში, სადაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის დროს ფერდი ჩამოიშალა და დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია. მთის ამბები წერს, რომ 21 წლის გიორგი ნარაიძის ნეშტი მეზობელი სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს, ოთხი ადამიანის ნეშტს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
ამ მასალაზე მუშაობის დროს, როგორც გამოცემა ამბობს, კომპანიის თანამშრომლები გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას, ტექნიკის დამტვრევით, ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
“ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, ხელმძღვანელის მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.
ნეშტების საძიებო სამუშაოებიც კი შეაჩერეს და პროცესის გაგრძელების პირობად გადაღების შეწყვეტა დააყენეს. ამ მიზნით, მათ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირეს, რომელიც გადამღებ ჯგუფს ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.” – ნათქვამია გამოცემის მასალაში.
29 მარტს, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში გვირაბის ღია წესით გაყვანისას დროებით გამაგრებული ფერდი ჩამოიშალა, დაზიანდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, მათ შორის, ორი საფლავი. ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.