ქუთაისში, სასტუმრო “თბილისის” შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ელექტროენერგია გაუთიშეს. შენობა ხელისუფლებამ გაყიდა და ახლა ინვესტორი მის დემონტაჟს ახორციელებს. დევნილებს წასასვლელი არსად აქვთ და დახმარებას ითხოვენ.
“12 საათი იყო, რომ მოცვივდნენ. არც უკითხიათ აქ ვინ ცხოვრობს, რა არ იცოდნენ? მთელმა ქვეყანამ ნახა როგორ გამოვედით და როგორ ვითხოვდით შველას. არ იცოდნენ? მოცვივდნენ. ჩაჭრეს მთელი შნურები, დენი, სოჩიკებიც ჩამოგლიჯეს თავისი ხელით. მაგრამ იმ დროს ჩვენ ვერ გავიგეთ, თორე ჩავიდოდით, რაღაცას ვეტყოდით… გვეგონა, რომ უბრალოდ გათიშეს დენი…მთელი ღამე სიცივეში გავათენეთ, მთელი ღამე ვკანკალებდით, პატარა ბავშვით…მაპატიეთ, ვედროში ქაღალდები ჩავყარეთ და ისე ვთბებოდით, კვამლში კინაღამ დავიხოცეთ. არ ვიცი, ასეთი მდგომარეობა დავბერდი და არ მინახავს. რაც წუხელ მოხდა, ასეთი აქ არასოდეს არ ყოფილა. არავინ, კაციშვილი არ მოდის, არც გვკითხულობს, არავინ, პატრონი არ გვყავს. სიმღერა როა, ჩემო ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის, მართლაც არ არის სხვა საქართველო. იმიტომ, რომ დღეს ქუჩაში არავინ არ ყრიან ხალს და არსად არ არის ასეთი ამბავი დღეს რომ ჩვენთან ხდება… წასასვლელი რომ გვქონდეს, აქამდე ხომ წავიდოდით. მაგრამ ერთი რამ მინდა, რომ ვთქვა…2012 წლის დაპირება, ბატონი ბიძინას რომ დაგვპირდა, ეხლა 2024 წელი მოდის. მინდა, მას მივმართო. ბატონ ბიძინას. 2 დღე დარჩა, ბატონო ბიძინა, ახალ წლამდე დენიც არ გვაქვს, ქუჩაში დავრჩით. მინდა, რომ იცოდეს, რა მთავრობა დაგვიტოვა, რა ხალხი დაგვიტოვა მან, ეს მაინტერესებს, მეტი არაფერი. მინდა, რომ მან ჩვენი გულისტკივილი მიიტანოს ყურამდე და გაიგოს როგორ ცხოვრობს მისი ხალხი.. დაპირებად დარჩა, ჩვენ კი ასე დავრჩით ქუჩაში”, – ამბობს ერთ-ერთი დევნილი, ნადიკო მოდებაძე.