„მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ“ — ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი ანაკლიის პორტის „ჩინეთის ხელში ჩაგდებას“ მთავრობის რუსული გეგმების ნაწილად მიიჩნევს.
„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!“ რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა. დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია — რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!“ — წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ 2017 წელს შეხვედრისას, როდესაც ანაკლიის პორტზე საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში.“
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational () და TBC Hodling (საქართველო).„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.მთავრობამ კი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.
2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩევის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ. მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი დანაა, ხოლო მეორე, – ასევე ჩინეთიდან.
თუმცა გასულ წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო დაინტერესებულია საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მათ შორის ანაკლიის პორტით. ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი კონკურსში მონაწილეობით მათ არ გამოუხატავთ.
საბოლოოდ, ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) შეირჩა.

ასევე დაგაინტერესებთ