ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. ჯიმ ო’ბრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მაისს, დღის 12 საათისთვის მივიდა და შენობა 15:00-ის წუთებზე დატოვა. შეხვედრამ ორ საათზე მეტხანს გასტანა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ამ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც ესწრებოდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხანგრძლივი შეხვედრის დროს” შედგა „გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე”.
„მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს”, – წერია განცხადებაში.
ამას გარდა, ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროება განუმარტა და „კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს”.
ამავე განცხადების ბოლო აბზაცში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც „ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს”.
ამ ოფიციალური ტექსტიდან ვერ ვიგებთ, რა უთხრა ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამის შესახებ ის, სავარაუდოდ, საქართველოს დროით, 20:30 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში 14 მაისს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერ-მინისტრის გარდა, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.
დაგეგმილი იყო შეხვედრა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთანაც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
მისივე სიტყვებით, ივანიშვილი “შანტაჟის ქვეშ” შეხვედრებს ვერ გამართავს. მას “არ აინტერესებს” და “არასერიოზულად უყურებს” სანქციების საკითხს.
„ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება შედგეს”, – თქვა კობახიძემ.