კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ “სახალხო ზეიმზე” დასწრებას პარტია ლელოს პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძეც გეგმავენ. ამის შესახებ დეპუტატებმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს.
“ვაპირებ, რომ ამ ზეიმში მონაწილეობა აუცილებლად მივიღო, იმიტომ, რომ იზეიმებს ის, ვისაც დღევანდელი დღე ეკუთვნის – ქართველი ხალხი”. – თქვა სალომე სამადაშვილმა.
“სახალხო ზეიმზე” დასწრებასთან დაკავშირებით ანა წითლიძემაც ისაუბრა.
“ამ სახალხო დღესასწაულზეც ვიქნები. მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობას დღეს, ოფისშიც გვაქვს ძალიან დიდი ღონისძიება. ვხვდებით ჩვენს ამომრჩევლებს და მათთან ერთად ვიზეიმებთ. ამის შემდეგ, ადამიანები ცალკეულად, მათ შორის, მეც გადავინაცვლებ საერთო, სახალხო ზეიმზე”. – თქვა წითლიძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს მოუწოდა, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, “რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის”.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.