მთავრობა წლებია დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ცდილობს. ყოველ ჯერზე ხელისუფლება დაბაში წყლის ნაკლელობას დამსვენებლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მზარდი რაოდენობით ხსნის და ამბობდა, რომ საჭიროა წყლის დებიტის გაზრდა.
კურორტზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. სამუშაოები ითვალისწინებდა, არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, სატუმბ სადგურამდე და არსებულ წყლის გამწმენდ ნაგებობამდე მაგისტრალური მილის მოწყობას. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდე იყო.
კურორტის წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარების მეორე მცდელობა 2020 წელს დაიწყო. 2019 წლის 31 დეკემბერს დაბაში სასმელი წყლის მიწოდების დეფიციტი შეიქმნა. შედეგად, საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში დაბას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. წყალმომარაგების კომპანიაში მაშინაც პრობლემა გაზრდილი მოთხოვნით ახსნეს. – “ზამთრის სეზონზე წყლის გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც წყლის სტაბილური მიწოდება შეაფერხა.“- აცხადებდნენ კომპანიაში.
2020 წლის იანვარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაწყებული ჰქონდა. მაშინ აცხადებდნენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლებოდა ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრიდა სეზონურად არსებულ პრობლემებს.
2020 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებით სამუშაოებს დაიწყებდა. წყალმომარაგების კომპანიაში ამ წელს განაცხადეს, რომ პროექტი სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას, წყლის ჩამკეტ–მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას ითვალისწინებდა, რაც შიდა გამანაწილებელი ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა.
2023 წელს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 4 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 5 მლნ. ლარი შეადგინა.
შემდეგი ეტაპი 2024 წელს იწყება, როდესაც დაბა ბაკურიანში წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობის პროექტირება – მშენებლობაზე სამი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და კონტრაქტორი კომპანიების, შპს „ინსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ, შპს „გზა“-ს დირექტორმა, მალხაზ დუმბაძემ და შპს „ელ ჯორჯია“-ს დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ.
წყალმომარაგების კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ბაკურიანში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფმა განვითარებამ, ტურისტების რაოდენობის და შესაბამისად, წყლის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
,,გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ახალი ქსელის, მაგისტრალური მილების, რეზერვუარების, წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე სატუმბი სადგურის მოწყობა. დამატებით დაგეგმილია გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია-გაფართოება. წყალარინების ქსელის მშენებლობა. აღნიშნული პროექტები სამ ლოტად მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით – ჯამში 141 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.“- ვკითხულობთ წყალმომარაგებელი კომპანიის მიერ 2024 წლის 15 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ისტორიაში პირველად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს და წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალ ქსელებს აშენებს, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 15 000- მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებითა და სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.“- აღნიშნული ინფორმაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2024 წლის 25 ივლისს გამოაქვეყნა.
მცდელობების მიუხედავად დაბა ბაკურიანში წყლის პრობლემა 2025 წელსაც დგას. 24 ივლისს კურორტზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ჩავიდა. სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად 200 ლმნ ლარზე მეტს დახარჯავს.
ამ ეტაპზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამი პროექტის ფარგლებში ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას. სამუშაოები ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს. ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 15 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. პროექტების დასრულება 2026 წელს იგეგმება.
მესამე მცდელობა და დამატებით 200 მლნ ლარზე მეტი თანხა – შეძლებს თუ არა ხელისუფლება დაბაში წლობით არსებული პრობლემის მოგვარებას და ზამთრის აქტიური ტურისტული სეზონისთვის მზად ყოფნას? კითხვაზე პასუხს რამდენიმე თვეში გავიგებთ, მას შემდეგ რაც კურორტზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება და დაბას უამრავი სტუმარი ეყოლება.
