მთავრობის კაბინეტის პოტენციური წევრების გრძელი სია, რომელიც ტრამპის გუნდისგან შემოწმებას ელის

დონალდ ტრამპის ამერიკის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებისთანავე, ახალი მარათონი დაიწყო. დონალდ ტრამპს 11-კვირიანი ინტერვალი აქვს ახალი ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად, რომელიც 20 იანვარს ქვეყნის მმართველობის გასაგრძელებლად მზად უნდა იყოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედის ათასობით დანიშნული მოხელე, მაგრამ ს მომდევნო პირველ კვირაში, ყურადღება გამახვილდება იმ ადამიანების დასახელებაზე, ვინც პრეზიდენტის კაბინეტის შემადგენლობაში წამყვან პოსტებს დაიკავებს.
კაბინეტის წევრი ტრადიციულად არის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლების 15 დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქ შედის ასევე 10 ოფიციალური პირი, რომელიც კაბინეტის დონის თანამდებობას იკავებს, როგორიცაა -ის სავაჭრო წარმომადგენელი, ეროვნული დაზვერვის დირექტორი და თეთრი სახლის აპარატის უფროსი. ვიცე-პრეზიდენტის და აპარატის უფროსის გარდა, კაბინეტის დონის თანამდებობებზე დასანიშნ პირებს სენატის მხრიდან დამტკიცება სჭირდებათ.
ხუთშაბათ საღამოს, 7 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსი სიუზი უაილსი იქნება. ის ს საარჩევნო კამპანიას ორჯერ წარმატებით გაუძღვა. უაილსი ამ თანამდებობაზე, ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება.
უაილსის გარდა, ტრამპმა ძალიან მწირი დეტალები გაახმოვანა იმის თაობაზე, თუ საკვანძო თანამდებობებზე ვისი დანიშვნა სურს.
ბევრმა, ვინც მისი პირველი ადმინისტრაციის დროს კაბინეტის და ქვეკაბინეტის თანამდებობებზე მუშაობდა, არჩეულ პრეზიდენტთან ურთიერთობა გაწყვიტა. ზოგიერთმა მათგანმა მხარი ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსაც კი დაუჭირა. თუმცა, ადრე მის მიერ თანამდებობებზე დანიშნულთა მეორე ნაწილმა, მასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და შესაძლოა, შემდეგ ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან როლში მოგვევლინონ.
მათ გარდა, ტრამპმა შესაძლოა საკვანძო თანამდებობებისთვის შეარჩიოს კონგრესის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, ასევე ბიზნესის სამყაროს წამყვანი ფიგურები, ვინც მის კამპანიას მხარი დაუჭირა, როგორიცაა მაგალითად, SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი.
როგორც წესი, საპრეზიდენტო კანდიდატები გარდამავალი პერიოდის ჯგუფებს არჩევნების დამთავრებამდე აყალიბებენ, რათა პროცესის დასაწყისს მომზადებული შეხვდნენ.
ჯო-ენ სიარსი, პრეზიდენტის და კონგრესის შემსწავლელი ცენტრის მკვლევარია, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ ს და 2012 წლის საპრეზიდენტო კანდიდატ მიტ რომნის გარდამავალ გუნდებში მსახურობდა. მან „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ტრამპის გარდამავალი გუნდის წევრებთან კავშირზე იყო და მოელის, რომ პოტენციური თანამდებობის პირების ძებნისთვის, ისინი კანდიდატთა ფართო არეალს გამოიყენებენ.
„გარდამავალი გუნდისგან მესმის, რომ ნამდვილად სურთ ვაშინგტონში საუკეთესო და ყველაზე გონიერი ხალხი მოიყვანონ და ეს ნიშნავს, რომ ისინი ქვეყნის ყველა ნაწილიდან მოვლენ და არა მხოლოდ ნიუ-იორკიდან და ვაშინგტონიდან“, თქვა ჯო-ენ სიარსმა.
„ვფიქრობ, ის შეეცდება მოიყვანოს ხალხი, რომელიც თავის სფეროში ნამდვილი ექსპერტია, იქნება ეს ეროვნული უსაფრთხოება, შიდა უსაფრთხოება, თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომელიც მთავრობის დახვეწას მოემსახურება, რაც ვფიქრობ, მისი ერთ-ერთი მიზანი იქნება“, თქვა სიარსმა.
ტრამპის მეორე ადმინისტრაციისთვის ყველაზე აშკარა არჩევანია ის პირები, რომლებსაც პირველი ადმინისტრაციის დროს მაღალი, სენატის მიერ დამტკიცებული თანამდებობები ეკავათ.
რობერტ ლაითაიზერი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის უმეტეს დროს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი იყო. შესაძლოა, ის ახალ ადმინისტრაციაში მოგვევლინოს უფრო მაღალ, ისეთ თანამდებობაზე, როგორიცაა ხაზინის მდივანი.
მაიკ პომპეო, რომელიც სხვადასხვა დროს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორად და სახელმწიფო მდივნად მსახურობდა, შესაძლოა აქედან რომელიმე თანამდებობაზე დაბრუნდეს, ან თავდაცვის მდივნის როლი მოირგოს.
ჯონ რეტკლიფი, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წელს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. შესაძლოა ის მთავრობაში ნებისმიერ როლში დაბრუნდეს, დაზვერვაში, რაიმე მაღალი თანამდებობიდან დაწყებული, გენერალური პროკურორობით დამთავრებული.
ლინდა მაკმაჰოუნი, ტრამპის პირველ მთავრობაში მცირე ბიზნესის ადმინისტრაციას უძღვებოდა. ახლა ის ტრამპის გარდამავალი გუნდის ერთ-ერთ ლიდერია და არსებობს მოსაზრება, რომ ის შესაძლოა, ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე წარადგინონ.
რაც შეეხება, პოტენციურ, ქვეკაბინეტის დონის თანამშრომლებს, თანამდებობაზე დანიშვნისთვის რამდენიმე კანდიდატი განიხილება, ისეთი, ვინც ადრე ქვეკაბინეტში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ან ტრამპის კაბინეტში მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით მუშაობდა.
რიჩარდ გრენელი, რომელიც გერმანიაში ელჩად მუშაობდა და შემდეგ 2020 წელს, ცოტა ხნით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, გავრცელებული მოსაზრებით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრება. თუმცა, გრენელს თავისი ხასიათის თავისებურებების გამო, შესაძლოა, სენატში ნომინაციის მოპოვება გაუჭირდეს. ის ასევე განიხილება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლობის კანდიდატათაც, რაც კაბინეტის დონის თანამდებობა არ არის და სენატის მიერ დამტკიცება არ დასჭირდება.
რობერტ ო’ბრაიენი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩეველი, რომელიც მძევლების საკითხებში დესპანადაც მუშაობდა, შესაძლოა ახალ ადმინისტრაციაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე აღმოჩნდეს და პოტენციურად სახელმწიფო მდივანიც კი გახდეს.
გარდა ამისა, სტივენ მილერი, რომელიც ტრამპის უფროსი მრჩეველი იყო, შესაძლოა თეთრ სახლში დაბრუნდეს, თუმცა გრენელის მსგავსად, შესაძლოა მილერსაც დამტკიცების რთული პროცესის გადალახვა მოუხდეს. ნათელი არ არის ის, თუ რა თანამდებობა შეიძლება მან დაიკავოს, მაგრამ წარსულში არალეგალურ იმიგრაციაზე ფოკუსირება მიანიშნებს, რომ შეიძლება დაეკისროს როლი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში, ან სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სამსახურში.
ლარი კადლოუ, ფინანსური ამბების კომენტატორი, რომელიც ეკონომიკის ეროვნული საბჭოს დირექტორად მსახურობდა, სავარაუდოდ ეკონომიკურ გუნდში მაღალი თანამდებობის მიღების კანდიდატია. ის შესაძლოა ხაზინის მდივნად განიხილებოდეს.
კეით კელოგი, არმიის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი, ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ადრეულ ეტაპზე, ცოტა ხნით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი იყო და შემდეგ თეთრ სახლში მუშაობა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩევლად გააგრძელა. შესაძლოა, ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდში აღმოჩნდეს.
ტომ ჰომენი იმიგრაციის და საბაჟო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა და შეიძლება ადმინისტრაციაში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაბრუნდეს.
ამ თანამდებობაზე სხვა შესაძლო კანდიდატად ჩად ვოლფი მოიაზრება, რომელიც სააგენტოს სათავეში 14 თვის განმავლობაში იყო. ის ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას განუხრელად ასრულებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ თანამდებობაზე მისი დანიშვნა უკანონო იყო.
ჯეფრი კლარკი, გენერალური პროკურორის ყოფილი თანაშემწე, შესაძლოა, ასევე დაბრუნდეს თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯორჯიის შტატში ბრალი არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში აქვს წაყენებული.
კაშ პატელი, თავდაცვისა და დაზვერვის სფეროში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა. ერთ დროს მან განაცხადა, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, ადმინისტრაცია შეიძლება ტრამპის კრიტიკოსებს „გაუსწორდეს“.
ჯეი კლეიტონი ადრე ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის თავმჯდომარე იყო და შესაძლოა მას ხაზინა ჩააბარონ.
ბრაიან ჰუკი პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორი და მოგვიანებით, ირანის საკითხებზე აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი იყო. ის თავდაცვის დეპარტამენტის პოტენციურ სავარაუდო ხელმძღვანელად დასახელდა.
რაც შეეხება არმიის ყოფილ გენერალ-ლეიტენანტ მაიკ ფლინს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის პირველი მრჩეველი იყო და გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ცნობის მიცემის გამო გადადგომა აიძულეს, არჩეულმა პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში მისი დაბრუნების თაობაზე გარკვეული ინტერესი გამოთქვა.
გარდა ჩამოთვლილი ადამიანებისა, კონგრესის ამჟამინდელი და ყოფილი წევრებიც სამთავრობო თანამდებობებზე პოტენციური კანდიდატები არიან.
მიიჩნევა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წამყვანი კანდიდატია იუტის სენატორი მაიკ ლი.
ტენესის სენატორი ბილ ჰაგერტი სხვადასხვა თანამდებობისთვის განიხილება და შესაძლოა დიპლომატიურ, ან სავაჭრო სფეროში დაინიშნოს.
ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ტრამპის კრიტიკოსიდან მის მხარდამჭერად გადაიქცა, შესაძლოა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დასამტკიცებელ კანდიდატებს შორის გაითვალისწინონ.
სამხრეთ კაროლინის სენატორი ტიმ სკოტი, აფრო-ამერიკულ თემში ტრამპის ყველაზე თვალსაჩინო მხარდამჭერია და შესაძლოა ურბანული განვითარების მდივნად დაინიშნოს.
არკანზასის სენატორი ტომ კოტონი, არმიის ვეტერანი ოფიცერი, შესაძლოა თავდაცვის მდივანი გახდეს.
პენტაგონისთვის არის სხვა შესაძლო კანდიდატიც, მაიკ უოლცი, ყოფილი მწვანე ბერეტი და ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, რომელიც კონგრესში ფლორიდას წარმოადგენს.
ტენესის წარმომადგენელი მარკ გრინი, რომელიც შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი გახდეს.
ნიუ-იორკის წარმომადგენელი ელის სტეფანიკი ნახსენები იყო, როგორც გაეროში შეერთებული შტატების პოტენციური ელჩი.
რაც შეეხება ბიზნესის ლიდერებს, მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკმა ტრამპის კამპანიის დაფინანსებაში წამყვანი როლი ითამაშა და მიანიშნა, რომ მზად იყო განეხილა შესაძლებლობა, ემსახურა რაიმე კომისიაში, რომელიც ფედერალური მთავრობის ეფექტიანობას გააუმჯობესებდა, კაბინეტის თანამდებობაზე მისი დანიშვნა ნაკლებად სავარაუდო ჩანს.
მასკი ხელმძღვანელობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის SpaceX-ს, რომელთაც ფედერალურ მთავრობასთან მილიარდობით დოლარის მოცულობის კონტრაქტები აქვთ. ამ გარემოებამ შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი წარმოშვას, რაც სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცებას გაართულებს.
ხაზინის დეპარტამენტისა და ეკონომიკური პოლიტიკის თანამდებობებზე, ბიზნესის სფეროდან ლიდერთა მთელი წყება განიხილება.
რობერტ ფიტცჯერალდ კენედი უმცროსმა, ერთ დროს დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილმა და ყოფილ გენერალურ პროკურორ რობერტ კენედის ვაჟმა, მხარდაჭერა ტრამპს გამოუცხადა.
ამის სანაცვლოდ, ტრამპმა მას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებაში როლი შესთავაზა. კენედიმ მხარდამჭერებს უთხრა, რომ ტრამპი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას „დაჰპირდა“. დეპარტამენტი მოიცავს დაავადებათა კონტროლის ცენტრებს, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას, ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებს და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს. თუმცა, ტრამპის კამპანიას ეს ვერსია არ დაუდასტურებია.
შესაძლოა, იანვარში თეთრ სახლში მოხვდეს კიდევ ორი ფიგურა, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო კამპანიის დროს გამოჩნდა.
ესენი არიან ტრამპის ყოფილი პირდაპირი მეტოქეები, რომლებიც მის მხარდამჭერებად იქცნენ: ჩრდილოეთ დაკოტის ყოფილი გუბერნატორი დაგ ბარგუმი და ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი.