მთავრობის თანხმობა დასჭირდება ქართველებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასაც

სადავო პარლამენტი კიდევ უფრო ამკაცრებს „გრანტების შესახებ“ კანონს და კანონპროექტით, რომლის მიღებასაც გეგმავს, ტექნიკური დახმარებისთვის, საექსპერტო დახმარებისა თუ ცოდნის გაზიარებისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.
კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთ კვირაში მიღებაა შესაძლებელი.
„კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის შესახებ ჩანაწერი. შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად“, – თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე კენჭიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მანვე დამატებით აღნიშნა, რომ „ასევე ზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტები: მკაფიოდ აქაც მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება იქნეს მიჩნეული გრანტად“.
კიდევ ერთხელ გამკაცრება კანონისა, რომელიც საქართველოში ზღუდავს დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჭეიშვილმა „ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვით“ ახსნა.
ამავე მიზეზით დაახლოებით ერთი თვის წინ სადავო პარლამენტმა „გრანტების კანონში“ შეიტანა ცვლილება, რომლითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.
ცვლილებების შედეგად:
· გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
· პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
· გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
· თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
· უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს – „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.
დამატებით 21 მაისს სადავო პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ (არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, აკაკი ალადაშვილი) და ამავე პარტიას გამოყოფილი „ხალხის ძალის“ (გურამ მაჭარაშვილი) წევრებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფუნქციონირებდნენ.
ფორუმი