2024 წელი, ისევე როგორც წინა წლები, მრავალფეროვანი იყო პოლიტიკური დაპირებებით. წყალმომარაგება, გაზიფიცირება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები იმ დაპირებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2024 წელს გაიცა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც 2025 წელს არის დაგეგმილი
ვაზიანის აეროპორტში რიგი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება
ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება ტერმინალის პროექტირება, Air-side და Land-side პროექტირება, მიწების გამოსყიდვა, პერიმეტრის შემოღობვა (პროექტირება და მშენებლობა), წინასამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები და Air-Side მშენებლობის დაწყება.
ამ ეტაპზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Master-Plan ის და Feasibility-ის მომსახურებების შესყიდვაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2028 წლის ბოლოს მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.
2025 წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2025 წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა დაიწყება.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს დაგეგმილია რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის მონაკვეთების მშენებლობის დაწყება და დასრულება. გარდა ამისა, ამავე წელს იგეგმება ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობაც.
„აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დასრულდება საქართველოს აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების საზღვრებთან დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ მონაკვეთების მშენებლობა“, – აცხადებდა სამინისტრო გასული წლის ნოემბერში.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზისა და თბილისის ახალი შემოსასვლელ-გასასვლელის მშენებლობა.
გაზიფიცირება 400 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება
წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400 დასახლებულ პუნქტში შევა, – ეს დაპირება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის სექტემბერში ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მანვე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დამატებითი პუნქტების გაზიფიცირების შედეგად ქსელში 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება.
ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება
გასული წლის ივნისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი ცენტრალური წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს“. ამასთანავე, გასული წლის მარტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემაც განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება.
ქუთაისში გაიხსნება პირველი ტექნოლოგიური ჰაბი
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2025 წელს ქუთაისში გაიხსნება საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი. ჰაბი გააერთიანებს ტექნოლოგიურ პარკს, ლაბორატორიებს, 400 კაცამდე გათვლილი საკონფერენციო სივრცეს, საკონსულტაციო ცენტრებს მცირე, და საშუალო მეწარმეებისთვის, ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო აქსელერატორს, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისებსა და TUMO-ს კრეატიული ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც აერთიანებს 11 მიმართულებას, როგორიც არის: პროგრამირება, რობოტიკა, ანიმაცია, კინემატოგრაფია, თამაშების შექმნა და სხვა.
დაიწყება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა
2024 წელს მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტზე მუშაობა დასრულდა. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2025 წელს ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი ტერმინალი აეროპორტის გამტარუნარიანობას რამდენჯერმე გაზრდის.
1000 უსახლკარო ოჯახს ბინები გადაეცემათ
2025 წელს 1000 უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით.
„პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებული, საჭიროების მქონე ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული საცხოვრებელი პირობებით“, – ვკითხულობთ სამთავრობო პროგრამაში.
Bpn.ge