სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენების თანახმად, ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ ხელშეკრულება, წინასწარი გათვლებით, ზაფხულში უნდა გაფორმდეს და შესაბამისად საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყოს.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული მიმართულებით ტენდერი მიმდინარე წლის 10 მაისს გამოცხადდა, წინადადება კი სამმა კომპანიამ წარადგინა.
„გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანზიტო − ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის. გრძელდება მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით. 2023 წლის ივნისში, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესარჩევი პროცესის ფარგლებში, პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა 4-მა კანდიდატმა. აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია შეისწავლა შესარჩევმა კომისიამ და ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბერში, კვალიფიცირებული კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2 კანდიდატს. 2024 წლის 20 მაისისთვის, სააგენტოში კვალიფიცირებულმა ერთმა კანდიდატმა (China Communications Construction Company Limited) წარმოადგინა შესაბამისი განაცხადი/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოსა და მისი კონსულტანტების მიერ, ხოლო შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, დადგენილი წესით უახლოეს პერიოდში. აღნიშნული პროცესის პარალელურად, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ გამოცხადდა ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერი, რომლის ფარგლებშიც, 2024 წლის 10 მაისს, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შესაბამისმა კანდიდატებმა. მიმდინარე წლის 10 მაისს, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ საჯაროდ გახსნა პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი კონვერტები/პაკეტები. ზემოაღნიშნულ ტენდერში წინადადება წარმოადგინა სამმა კომპანიამ. წინასწარი გათვლებით, ზაფხულის პერიოდში, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და შესაბამისად დაიწყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, – ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.
დოკუმენტში ასევე საუბარია „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის“ პროექტზე და ნათქვამია, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარე წლის ივლისისთვის დასრულდება.
„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის“ პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარე წლის ივლისისთვის დასრულდება. საანგარიშო პერიოდში, მსოფლიო ბანკის მიერ გამოიყო 35 მლნ აშშ დოლარის დაფინანსება, რომელიც პროექტისთვის აუცილებელ შემდგომ კვლევებს მოხმარდება“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, აშენდა 4 ჰიდროელექტროსადგური („დმანისი ჰესი“, „როშკა ჰესი“, „კორშაჰესი 1“, „ტოლოში ჰესი“) ჯამური დადგმული სიმძლავრით − 6 მგვტ.
„ამჟამად, სულ გაფორმებულია 284 ხელშეკრულება, მათგან 214 ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე 26 ქარისა და 44 მზის ელექტროსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით. გაფორმებული ხელშეკრულებებით, ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე − 3396 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით, 13 მლრდ კვტ/სთ-ია. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დანერგილი განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა და დასრულდა 800 მგვტ დადგმული სიმძლავრის მეორე აუქციონი. აუქციონზე შევიდა 147 განაცხადი ჯამურად 1900 მგვტ სიმძლავრეზე. ამჟამად მიმდინარეობს გამარჯვებული კომპანიების გამოვლენისთვის საჭირო პროცედურები“,- ნათქვამია მოხსენებაში.