მთავრობის ადმინისტრაცია: შშმ პირთ უფლებების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 3 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირება კვლავ რჩება ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წელს სახელმწიფომ გაეროს კომიტეტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ანგარიში წარუდგინა, რომელიც ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აღწერს. კომიტეტმა საპასუხოდ რეკომენდაციები გასცა, რომელთა აღსრულების ხელშეწყობას და კოორდინაციას 2021 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი კომიტეტი შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ახორციელებს.
ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. სამოქმედო გეგმა დაფარავს 2024-2026 წლებს. აღნიშნულ დოკუმენტებში „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს. გათვალისწინებულია ამოცანები, რომლებიც შშმ პირთა თანასწორობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, კერძოდ − ხაზგასმულია შშმ ქალთა და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა საჭიროებები და გამოწვევები“ – ნათქვამია განცხადებაში.