მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო პატრულმა 2023 წელს 287 ჯარიმა გამოწერა – ინფორმაციას ადმინისტრაცია პარლამენტის წევრის, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წლიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე ჯამში გამოწერილია 775 ვიდეო ჯარიმა.
აქედან, 2020 წელს – 158 ვიდეოჯარიმა; 2021 წელს – 144, 2022 წელს – 186 ჯარიმა, ხოლო 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე დაფიქსირებულია – 287 ვიდეოჯარიმა.
“ვიდეოჯარიმების ანაზღაურებას უზრუნველყოფენ სამართალდამრღვევები და შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მათი გადახდა არ ხორციელდება” – წერია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
