მთავრობის ადმინისტრაციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და თანამდებობის პირების, ასევე სსიპ-ების, სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია ენიჭება.
ამ შინაარსის ცვლილებები “მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. როგორც ბაჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნება.
მთავრობის განმარტებით, ცვლილებები, მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით უზრუნველყოფს მთავრობის ჩართულობას გადაწყვეტილებათა მიღების საწყის ეტაპზევე, რაც გააუმჯობესებს მისაღები და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, გადაწყვეტილებათა მიღების და აღსრულებისათვის აუცილებელ დროს შეამცირებს და ორგანიზაციული – ბიუროკრატიული საკითხების ოპტიმიზაციას გამოიწვევს.
“მთავრობის ადმინისტრაციის ეს ფუნქცია არის დამხმარე იმისთვის, რომ შემცირდეს გარკვეული ტიპის ბიუროკრატიული გადაცდომები ან ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომლის მიღების საჭიროება არ იქნებოდა“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკომიტეტო განხილვაზე.
“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
