საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყება, 8 თებერვალს კი პროცესი უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.
5 თებერვლიდან პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 5, 6 და 7 თებერვალს. 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
8 თებერვალსვე გაიმართება პარლამენტის ბიურო, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახავს. გრაფიკის თანახმად, პარლამენტი იმავე დღეს (8 თებერვალს) უკვე პლენარულ სხდომაზე მოუსმენს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.
პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დღეს წარედგინა.
