მთავრობა ADB-ს 18.5 მლნ დოლარს უბრუნებს, მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

თანხის აუთვისებლობის გამო, საქართველოს მთავრობას აზიის განვითარების ბანკისთვის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 80 მილიონი ლარიდან (24 წლიანი სესხი) 18.5 მილიონ დოლარის უკან დაბრუნება უწევს.
პარლამენტის გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს შორის 2017 წლის ივნისში „მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის“ შესახებ დადებულ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებები შედის.
რა მოხდა? რატომ ვერ დაიხარჯა სასესხო ხელშეკრულებით მიღებული თანხა?
როგორც პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციდან ირკვევა, ADB-ისგან აღებული სესხი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი გზისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. განახლებული გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალთან დააკავშირებდა.
ამისთვის აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 24 წლიანი ვადიანობის 80 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო, საიდანაც 36 196 000 დოლარის 2019 წელს გაუქმდა.
პროექტი ორ ლოტად უნდა განხორციელებულიყო. პირველ ეტაპზე ძირულა-მოლეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია წარმატებით განხორციელდა. სამუშაოები Akkord Industry Constrution Investment Corporation OJSC-მა შეასრულა.
მეორე ლოტად მოლითი-ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ახლა დოკუმენტებიდან ირკვევა, მეორე ლოტი, სასესხო შეთანხმებიდან ამოღებულია. მეორე ლოტისთვის ხელშეკრულება ისევ Akkord Industry Constrution Investment Corporation OJSC-სთან გაფორმდა, თუმცა 2021 წლის ნოემბერში ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის გამო შეწყდა.
მეორე ლოტის დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ორჯერ უშედეგოდ გამოცხადდა. ამასობაში გავიდა სესხის ვადაც, რის გამოც, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის დარჩენილ 18.5 მილიონ დოლარს სახელმწიფო უკან აბრუნებს, ხოლო მოლეთი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.