საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მომავალი, 2026 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის საგნების, ერთჯერადი ჭურჭლის, კონტეინერებისა და თავსახურების რეალიზაცია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, ცვლილების შემდეგ “აიკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება.”
ახალი რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.
დადგენილება ითვალისწინებს გარკვეულ გარდამავალ პერიოდს.
· პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდეა განთავსებული, დასაშვებია ბაზარზე იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში – ანუ 1 აპრილამდე.
· ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში – ანუ 1 ივლისამდე.
ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვას წინ უძღოდა საქართველოში პოლიეთილენის პარკების რეალიზაციაზე დაწესებული შეზღუდვები – მოქმედი კანონმდებლობით, სავაჭრო ობიექტებში ბიოდეგრადირებადი პარკები უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა ეს წესი სავაჭრო ობიექტების მხოლოდ ნაწილში სრულდება.
საქართველოში კვლავ არ ხდება ნაგვის სეპარირება, რაც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას უშლის ხელს და გარემოს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების შემთხვევაში იქნებოდა.
სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონი ერთეული ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება, რაც ჯამურად 3,9 – 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
ფორუმი




