მთავრობა ₾20 მილიონამდე ბრუნვის კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება – პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დღეს “კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის” პროგრამა დაამტკიცა, პროგრამის ფარგლებში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს მხარდაჭერა მიიღონ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების განთავსებისთვის.
BMG-ის კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს შეეძლებათ.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კაპიტალის ბაზრის რეფორმა და დღესაც იცით, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა დავამტკიცეთ 20 მილიონ ლარამდე ბრუნვის კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზარზე გასვლის საშუალება მივცეთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ახალი პროგრამის დეტალური პირობები საკანონმდებლო მაცნეზე, ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა. პროგრამას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოში” განახორციელებს.
ობლიგაციების გამოშვების გზით კაპიტალის მოზიდვა კომპანიებისთვის ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტთან შედარებით უფრო მიმზიდველ პირობებს ატარებს, რადგანაც ობლიგაციის შემთხვევაში მისი გამომშვები ფასიანი ქაღალდის მოქმედების ვადაში ინვესტორებს მხოლოდ სარგებელს არიცხავს, ხოლო ობლიგაციის ძირის მომსახურება მხოლოდ ვადის ამოწურვის დროს, ერთიანი გადახდით ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე