მთავრობა უნებართვოდ აშენებულ კერძო სახელბზე ამნისტიას აანონსებს

საქართველოს მთავრობა უნებართვოდ აშენებულ კერძო სახლებზე ამნისტიას აანონსებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
„ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა. ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს,“ — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.