მთავრობა სამშენებლო ამნისტიის პროექტს იწყებს, რომელიც მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.
შესაბამისი დავალება მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს მისცა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სამშენებლო ამნისტია ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
ამავე ცნობით, ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.
ამნისტია მილიონამდე მოქალაქეს შეეხება.
პროექტს რატი ბრეგაძე უმოკლეს ვადაში მთავრობის სხდომაზე წარადგენს.