მთავრობა პროფესიული უნარების სააგენტოსაც აუქმებს

მთავრობა ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოსაც აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ცნობით, პროფესიული უნარების სააგენტოს გარდა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრიც უქმდება. მიზეზად კი სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა.
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.
სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინე მარგიშვილია. მანამდე სააგენტოს დირექტორის პოსტს 2024 წლის მარტამდე თამარ ქიტიაშვილი იკავებდა, რომელიც მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობიდან გადააყენა.
თავად პროფესიული უნარების სააგენტო 2021 წელს კიდევ ერთი ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის დროს შეიქმნა. მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.