მთავრობა ოლიმპიელებს დახურულ სივრცეში დააჯილდოებს

დღეს, 15 აგვისტოს, 20 საათზე, ცერემონიების სასახლეში [პრეზიდენტის ყოფილი სასახლე] ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია მთავრობის ადმინისტრაცია. მას დაესწრებიან როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წევრები, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. თუმცა, ღონისძიებას არ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც არ სურს მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა:
· პირველ მიზეზად ზურაბიშვილი ასახელებს იმას, რომ პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება (7 მედალი და 24-ე ადგილი მსოფლიოში, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაჩვენებელია) სახალხო დღესასწაულია, შესაბამისად უნდა აღინიშნოს ხალხის მონაწილეობით “და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია”. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის სახალხო ზეიმს თავად ჩაატარებს სექტემბერში.
· მეორე მიზეზად პრეზიდენტმა პარაოლიმპიელები დაასახელა. მისი თქმით, როცა პარაოლიმპიადა ჯერ არც დაწყებულა, არ არის სწორი ძირითადი ოლიმპიადის პრიზიორების დაჯილდოება. ზურაბიშვილის თქმით ეს დისკრიმინაციაა და სექტემბერში, მის მიერ დაგეგმილ ზეიმზე, ყველას ერთად ეპატიჟება.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების დახვედრა, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ღია სივრცეში თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მას ათასობით ადამიანი დაესწრო. ზეიმისას მოხდა ინციდენტიც – როცა სცენაზე პრემიერ-მინისტრი ავიდა, შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მას შეძახილებითა და სტვენით შეხვდა, სალომე ზურაბიშვილს კი – ტაშით.