მთავრობა მეტროს 212 ვაგონის ყიდვას აპირებს, ოღონდ მომდევნო 15 წელიწადში

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მეტროსთვის 212 ახალი ვაგონის შეძენას აპირებს, რომლითაც ძველ შემადგენლობებს ეტაპობრივად სრულად ჩაანაცვლებს. თუმცა ეს სწრაფად არ მოხდება — გეგმა მომდევნო 15 წელზეა გაწერილი და სავარაუდოდ, ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო დაიხარჯება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, 212 ვაგონი, ჯამში, 45 მატარებელს შეადგენს, საიდანაც 13 ერთეული 4-ვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზისთვის იქნება, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი — ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის.
მთავრობამ აღნიშნული ცნობა პრემიერმინისტრ ს, თბილისის მერ კახა კალაძისა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
პრესრელიზში მოცემულია კალაძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, „რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს“.