ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე, ხვალ, პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის ცნობით ეს ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის 2 პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ 2 წყარომ დაუდასტურა.
ამერიკის ხმის წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ.
როგორც წყარო ამბობს, აქვთ ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა “გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”.