მთავრობა ენგურჰესის ტარიფის დადგენის წესს ცვლის (bm.ge)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი.
პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების დროს არ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ).
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ევალება, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწოდოს. მისივე თქმით, აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს. ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი აფხაზეთზე მოდის და მისი უსასყიდლო მიწოდებიდან გამომდინარე, კომპანიისათვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს.
ავტორების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილების მიღების შედეგად შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისათვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ იძულებულია წლიდან წლამდე თავი სესხით გაიტანოს.
გარდა ამისა, შპს „ენგურჰესს“ აღებული აქვს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის გასტუმრებასაც ვერ ახერხებს. ამ ფონზე, კი არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული ტარიფი ვერ აკმაყოფილებს ელექტროსადგურების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური სახსრების შემოდინებასაც კი. ხოლო, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, კომპანია აუცილებლად შეძლებს ფინანსთა სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების გასტუმრებას.
