საქართველოს მთავრობამ 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი და შესაბამისი განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებებია წარმოდგენილი.
უფრო კონკრეტულად, ჩამოთვლილი ნაბიჯები და მათი განსახორციელებელი აქტივობები შემდეგია:
· ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა – საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით.
· ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება – ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება; აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
· შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში; საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაგრძელება.
· თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა – 2024 წლის არჩევნებზე ეუთო-ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა; ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა; საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანა (პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა; მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება).
· საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა – საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად; საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება.
· ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით – სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება და მიღება.
· ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა – საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რომლებიც 15დეკემბერს გამოქვეყნდება; ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრების გამართვა ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად.
· დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება – დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ; საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით.
· ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა – გამართვა მიმდინარე გამოძიებებზე; ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით; არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
ჩამოთვლილი აქტივობები 2023-2024 წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა.
