2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება. წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესის ნაწილი დაკვირვების რეჟიმშია. კერძო სექტორში ამბობენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მათი საქმიანობისთვის უმნიშვნელოვანესია. ,,კომერსანტი” დაინტერესდა, როგორ აფასებს მოახლოებულ არჩევნებსა და პოლიტიკური ვითარების ბიზნესზე გავლენას თემურ ჭყონია. ბიზნესმენს ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით.
– რა გავლენა ექნება არჩევნებს ქვეყანაზე და ბიზნეს გარემოზე?
– ამდენი წელიწადია ჩვენ არჩევნებში ვმონაწილეობთ. პირველად არის ასეთი დიდი სპექტრი ასარჩევი, რომელიც ადრე არ გვქონდა. იყო ორ პოლუსიანი არჩევნების სისტემა და ძირითადად წარმოდგენილი იყო ვიწრო შემადგენლობა პოლიტიკოსების ან ამოსარჩევი ადამიანების. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი არჩევანის საშუალება, იმიტომ რომ ამ არჩევნებში რეიტინგებითაც თანაბარი რეიტინგები აქვს ბევრ პარტიას. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამომრჩევლის გემოვნება და აზროვნება გაიზარდა და მრავალმხრივი გახდა. რაც არის ჩვენი საზოგადოების გაზრდის მაჩვენებელი პოლიტიკური, ეკონომიური და ინტეგრირებულია მსოფლიოში და ევროპაში. წამოვიდა ახალგაზრდა თაობა, რომელიც გაცილებით განათლებულია ვიდრე წინა თაობები და უფრო სამშობლოს მოყვარულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ის თაობა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის გამოცდილი და ფუნდამენტალური მემკვიდრე ძველი საბჭოთა ქართველების. ეს მრავალფეროვნება პოლიტიკოსების საფუძველს გვაძლევს, რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე. ასე მგონია. საქართველოს მომავალი იქნება განსაკუთრებული.
– რა გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი და ეკონომიკა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესი ხშირად დაპაუზების ეტაპზეა?
– მე არ ვფიქრობ, რომ ბიზნესმა არ უნდა დააპაუზოს თავისი განვითარება. ჩვენ ვართ ურთულესი გამოწვევების წინაშე მეგობრებო. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ ინტეგრირების გარეშე, ფინანსების ხელმისაწვდომობის გარეშე, ტექნოლოგიების განვითარების გარეშე, იზოლაციაში მოხვედრით ბიზნესი ვერ განვითარდება და არც უნდა განვითარდეს. რად მინდა ცხოვრება მეგობრებო, თუ ჩვენ არ ვიქნებით ბედნიერები დანარჩენ მსხვილ ქვეყნებთან ურთიერთობით. სულ ერთმანეთთან ხომ არ ვივლით სტუმრად მეგობრებო, მოგვბეზრდება ერთმანეთი.
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა რა გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკასა და ბიზნესზე?
– სიმართლე უნდა ვისაუბროთ. დღევანდელი მოცემულობა ასეთია, რომ ის პერსპექტივა, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს (ყველა ქვეყანას აქვს, ჩვენ განსაკუთრებული არ ვართ), რომ ინტეგრირებული უნდა იყოს მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტებთან, პოლიტიკასთან, ევროკავშირთა, ნატოსთან, სხვადასხვა პროგრამებთან წარმოუდგენელი პერსპექტივები აქვს. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან, რადგან ინტეგრირებულები არიან ქვეყნები. დღევანდელი მონაცემებით, რაც სიმართლეა დღევანდელი მთავრობა არის გაჭირვებულ მდგომარეობაში. მისი საგარეო პოლიტიკა არის ჩავარდნილი. საშინაო პოლიტიკაზე აგება, საგარეო პოლიტიკის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.
– ამ პოლიტიკურ ვითარებაში ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეფერხდება? ამას გულისხმობთ?
– ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი კი არ შეფერხდება, შეუძლებელი გახდება. თუ ძალიან სერიოზული რამ არ მოხდა, რა უნდა მოხდეს მე ვერ წარმომიდგენია, რომ ევროპამ აღადგინოს ის ძველი ურთიერთობა რაც ჩვენ გვქონდა. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არის შეუძლებელი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ პროგრესისთვის და წარმატებისთვის.
– თქვენი აზრით, ახლა იზოლაციისკენ მიდის ჩვენი ქვეყანა?
– მეგობრებო, მე ვაანალიზებ შექმნილ სიტუაციას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველა შეხვედრა რაც ევროპაში ხდება, სხვადასხვა მიმართულებით, ეს მინისტერიალი იქნება თუ სხვა, გავაკეთოთ ანალიზი. თუ ალტერნატივები არსებობს მაშინ ალტერნატივებიც უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ, თუ ჩვენ იქით არ მივდივართ მაშინ საით მივდივართ. გაუგებარი ჩამოუყალიბებელი სიტუაციაა. მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი კარგად იქნება.
– თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს კოალიციური მთავრობა ქვეყნის მართვას? განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები რამდენად შეძლებენ შეთანხმებას?
– პოლიტიკური პარტიები არიან ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან არიან არაჩვეულებრივ დამოკიდებულებაში. მე ვიცნობ ყველა მათგანს. ერთმანეთთან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში არიან პოლიტიკის გარეშეც. ზოგი ახლობელია, ზოგი მეგობარია. უბრალოდ პოლიტიკური შეხედულებები აქვთ სხვადასხვა. ის რომ მათ გააერთიანებთ სამშობლოს მომავალი, პროგრესი, სიყვარული, ევროპასთან და მსოფლიოსთან კავშირი დამოკიდებული იქნება მათ სწორ მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე. ზუსტად ეს სწორი ანალიზი აიძულებთ მათ, რომ ბევრმა მათგანმა ეგოს და შეხედულებებს გადახედოს და მოერგოს იმ სიტუაციას, რაც საქართველოს დააახლოებს პროგრესულ საზოგადოებასთან და პროგრესულ ქვეყნებთან. ჩვენი საზოგადოება პროგრესულია. ეს სპექტრი, მრავალფეროვნების ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოება გაიზარდა და მზად არის სხვა პოლიტიკური მართვისათვის. ხშირად საუბრობენ, რომ ქაოსი შეიქმნება. ეს არის დაბალი დონის შეხედულება, რომ კოალიციური მთავრობა მოიტანს არეულობას. პირიქით კოალიციური მთავრობა მოიტანს მრავალფეროვნებას, სიძულვილი მოისპობა და მლიქვნელები გადანაწილდებიან სხვადასხვა პარტიებში. მლიქვნელების გადანაწილება აუცილებელია, იმიტომ რომ მლიქვნელები არ უნდა იყვნენ კონცენტრირებული. კოალიციური მთავრობა არ არის საშიში მეგობრებო. კოალიციური მთავრობა არის ქვეყნის გამოცდილება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. არაფერი ისეთი არ მოხდება დამანგრეველი, ჩემი აზრით.