მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან “საბრძოლველად” ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. 30 აპრილით დათარიღებული განკარგულების თანახმად, ეს თანხა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამარტივებული შესყიდვისთვის გამოეყოფა.
“სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში”, – წერია განკარგულებაში.
რუსული კანონის მეორედ ინიციირების შემდეგ აშშ და დასავლელი პარტნიორები ქართულ ოცნებას აფრთხილებებ იმ უარყოფით შედეგების შესახებ, რომელიც მის მიღებას მოჰყვება. თუმცა ქართული ოცნება დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს არ უსმენს. თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კი დიპლომატებთან საჯარო დებატებს მოითხოვს.
2 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა უარი თქვეს შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე, სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განცხადება გაავრცელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობის მოქმედება იმით გაამართლა, რომ პრემიერი მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს “არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას”.